თბილისი, 11 აგვისტო – Sputnik. ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მშობლებს მიმართავს, ბავშვები სიცხეს მოარიდონ, განსაკუთრებით, სიცხეში გარეთ თამაშს.
ინფექციონისტი აღნიშნავს, რომ ზაფხულის ცხელ დღეებში არსებობს სხეულის გადახურების რისკი, განსაკუთრებით ბავშვებში.
„სხეულის გადახურებამ შეიძლება გამოიწვიოს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ძლიერი საერთო სისუსტე, ზოგჯერ შეიძლება გულის წასვლაც, თავის ტკივილი, ძილიანობა, ღებინება. განსაკუთრებით საშიში სიმპტომია დეზორიენტაცია. თუ ბავშვი სითხეს ვერ იღებს ან აღებინებს, საჭირო ხდება სითხის გადასხმა“, – დაწერა ბუწაშვილმა სოციალურ ქსელში.
მაია ბუწაშვილი მშობლებს ურჩევს, სხეულის გადახურების შემთხვევაში ბავშვი მოათავსონ გრილ ადგილზე, მისცენ ბევრი სითხე და ცივი ტილოს დადებით გაუგრილონ სხეული. გართულებულ შემთხვევებში კი სამედიცინო დახმარება აუცილებელია.
„სხეულის გადახურება განსაკუთრებით ადვილად ხდება ბავშვებში, რადგან ბავშვის ორგანიზმს უფრო მეტად უჭირს გარემოს მაღალ ტემპერატურასთან ადაპტირება, ოფლის გამოყოფაც უფრო ნელა ხდება და გაუწყლოებასთან დაკავშირებული მოვლენებიც უფრო სწრაფად ვითარდება“, – აღნიშნავს ინფექციონისტი.
მისი განცხადებით, განსაკუთრებით საშიშია სიცხის დროს გაჩერებულ მანქანაში ბავშვის დატოვება. მცირედ ჩაწეული ფანჯრები არ არის საკმარისი სხეულის გადახურების თავიდან ასაცილებლად და 30 გრადუსზე მაღალი ტემპერატურაც საკმარისია იმისთვის, რომ გაჩერებულ მანქანაში ბავშვის გადახურებისთვის სარისკო ტემპერატურა იყოს.
სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეებში საქართველოში ტემპერატურა +37 გრადუსს მიაღწევს.