შრომის ინსპექციის სამსახურმა კოვიდ-კლინიკებში დარღვევები აღმოაჩინა

127 კლინიკიდან დარღვევები 90 დაწესებულებაში გამოვლინდა.
Sputnik
თბილისი, 10 აგვისტო — Sputnik. შრომის ინსპექციის სამსახურმა 2021-2022 წლებში 127 კოვიდ-კლინიკა შეამოწმა, რის შემდეგაც დადგინდა, რომ 90 დაწესებულებაში სამედიცინო პერსონალისთვის კუთვნილი დანამატი არ გაუციათ. ინფორმაციას ტელეკომპანია „რუსთავი 2" ავრცელებს.
დამატებითი ანაზღაურების/დანამატის და მისგან გამომდინარე შრომითი ურთიერთობების კუთხით დარღვევა არ გამოვლენილა 33 სამედიცინო ობიექტზე, ხოლო 4 დაწესებულების მიმართ საქმის წარმოება იმიტომ შეწყდა, რომ ისინი აღარ ფუნქციონირებენ კოვიდ-კლინიკის სტატუსით.
უწყების ცნობით, განმეორებითი ინსპექტირება 86 კლინიკაში განხორციელდა. სამსახურის მიერ გაცემული მითითებები სრულად იქნა აღმოფხვრილი 28 კლინიკაში, რომლის შედეგად შედგენილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები.
ამის შემდეგ შრომის ინსპექციის სამსახურმა 51 კლინიკაში კიდევ ერთხელ გადაამოწმა, რამდენად სრულდებოდა მათი მითითებები. ბოლო შემოწმების შემდეგ 20 კლინიკის მიერ სრულად იქნა შესრულებული შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ გაცემული მითითებები.
უფრო ადრე ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომ პანდემიის დროს გამოყოფილი თანხები არამიზნობრივად დაიხარჯა. ამასთან დაკავშირებით დაიწყო კლინიკების შემოწმება.
კლინიკები არამიზნობრივი ჰოსპიტალიზაციისთვის პასუხისმგებელი იქნებიან - აზარაშვილი>>
ცოტა ხნის წინ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ კოვიდ-კლინიკების ექიმებისა და მედდებისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი პრემიების მითვისების ფაქტები გამოავლინა.
აზარაშვილის განმარტებით, ჯანდაცვის სამინისტრო 2022 წლის იანვრიდან აქტიურად აკვირდება დატვირთულობას კლინიკებში. აღმოჩნდა, რომ ხშირად პაციენტთა მიღების თუ გაწერის მკაცრად გაწერილი კრიტერიუმები არ სრულდებოდა და ხელოვნურად ხდებოდა მათი რაოდენობის გაზრდა.
2020 წლის ოქტომბერში საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ კორონავირუსის მართვაში ჩართულ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს ხელფასები 50%-ით გაეზრდებოდათ. შესაბამისი განკარგულება მთავრობამ მიიღო. კლინიკების ბოლო შემოწმებამ კი აჩვენა, რომ რიგ შემთხვევებში ფინანსური სახსრები ადრესატამდე არ მიდიოდა.