თბილისი, 10 აგვისტო — Sputnik. მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოში“ ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესში ცვლილების შეტანის საკითხი ამ ეტაპზე არ განიხილება, განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან.
„თეორიულად შესაძლებელია ნებისმიერი წესი შეიცვალოს. თეორიულად შესაძლებელია, ოდესღაც ვიმსჯელოთ, დღეს ეს საკითხი არ განიხილება“, – განაცხადა ოხანაშვილმა.
მისი თქმით, დღეისათვის არსებობს წესი, როდესაც ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების კანდიდატურებს პარლამენტში პრეზიდენტი წარადგენს, რის შემდეგაც გადაწყვეტილებას საკანონმდებლო ორგანო იღებს.
„აღნიშნული წესი ძალაში რჩება და ამ ეტაპზე არ იგეგმება, რომ არჩევის წესი შეიძლება განხილვის საგანი გახდეს“, – აღნიშნა ოხანაშვილმა.
„ქართულ ოცნებაში“ უკმაყოფილება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარის პოსტის პრეტენდენტად არ წარუდგინა ამჟამად მოქმედი თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურა, რომლის უფლებამოსილების ვადა აგვისტოს შუა რიცხვებში იწურება.
პრეზიდენტმა საკუთარი გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ ცესკოს მოქმედმა თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა უკვე ორჯერ ვერ მოიპოვა პარლამენტის წევრთა ხმების 2/3, რაც საჭიროა აღნიშნულ თანამდებობაზე 5 წლის ვადით ასარჩევად.
ზურაბიშვილის თქმით, მისი გადაწყვეტილება მიზნად ისახავს პროცესში ახალი პროფესიონალების ჩართვის ხელშეწყობას, ცესკოს დემოკრატიულ და ინსტიტუციურ გაძლიერებას, ამ მნიშვნელოვან თანამდებობაზე ასარჩევად ფართო პოლიტიკური კონსენსუსისა და მაღალი ლეგიტიმაციის მქონე კანდიდატურების გამოვლენას.
„ეს არის სამწუხარო სიგნალი პრეზიდენტის მხრიდან საჯარო მოხელეების მიმართ, რომ ფასდება არა კეთილსინდისიერება და პროფესიონალიზმი, არამედ გადაწყვეტილებები მიიღება იმის მიხედვით, თუ პოლიტიკურად რამდენად ჩათვლის ვინმე ამას საჭიროდ“, – ასე შეაფასა პარლამენტის სპიკერმა შალვა პაპუაშვილმა პრეზიდენტის გადაწყვეტილება.