ქართული ტელეარხების შემოსავლები რეკლამებიდან შემცირდა

საანგარიშო პერიოდში ტელეარხების შემოსავლებმა 17,5 მლნ ლარი, ხოლო რადიოკომპანიების – 1,6 მლნ ლარი შეადგინა.
Sputnik
თბილისი, 10 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ტელე- და რადიოარხების შემოსავლებმა 2022 წლის მეორე კვარტალში 19 მილიონი ლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 17,5%-ით ნაკლებია, ნათქვამია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განცხადებაში.
კომისიის მონაცემებით, შემოსავლების მკვეთრი კლება აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვას უკავშირდება, რომელიც 1 მარტიდან ამოქმედდა.
ტელევიზიებმა და რადიოებმა აზარტული თამაშების კომპანიებისგან 2021 წლის მეორე კვარტალში 4,6 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს.
მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ტელეკომპანიების შემოსავლებმა შეადგინა 17,5 ლარი, ხოლო რადიოკომპანიების – 1,6 მლნ ლარი.
ტელე- და რადიოკომპანიების მთლიანი შემოსავლებიდან პირდაპირ რეკლამაზე მოდის 64,7%, კიდევ 21,7% სპონსორების ინვესტიციების წილია.
შეზღუდვებმა საქართველოს ეკონომიკას დაარტყა - აზარტული თამაშების ასოციაცია>>
ტელეკომპანიებიდან 2022 წლის მეორე კვარტალში რეკლამიდან შემოსავლების მხრივ პირველ ადგილზე ტელეკომპანია "იმედია" – 6 მლნ ლარი, მეორე ადგილზეა "მთავარი არხი" 2,6 მლნ ლარით, ხოლო მესამეზე – "რუსთავი2" 2,1 მლნ ლარით.
რადიოკომპანიებს შორის ლიდერობს "ფორტუნა", რომელმაც მეორე კვარტალში 885 ათასი ლარი შემოსავალი მიიღო რეკლამიდან, მეორე ადგილზეა რადიო "იმედი" (156 ათასი ლარი), მესამეზე – რადიო "პალიტრა" (91,3 ათასი ლარი).