თბილისი, 9 აგვისტო – Sputnik. საქართველოში 2022 წლის ივლისში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა 177%-ით გაიზარდა წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის განცხადებაში.
საქართველომ ივლისში 718.401 საერთაშორისო ვიზიტორი მიიღო, რაც ნიშნავს, რომ 2019 წლის მაჩვენებელი 65,3%-ით აღდგა.
უწყების მონაცემებით, ვიზიტების საერთო რაოდენობიდან ტურისტული იყო 459.711, რაც 2021 წლის ივლისის მაჩვენებელზე 115%-ით მეტია. 2019 წელთან შედარებით კი ნაკადი აღდგენილია 80,6%-ით.
სულ 2022 წლის იანვარი–ივლისში საქართველოს ეწვია 2.344.329 საერთაშორისო ვიზიტორი, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდზე 214%-ით მეტია. პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით მაჩვენებელი 47,2%-ით აღდგა.
2022 წლის დასაწყისიდან ვიზიტების საერთო რაოდენობიდან ტურისტული 1.668.983 იყო. ეს გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 162%-ით მეტია, ხოლო 2019 წლის მაჩვენებელი საქართველომ 61,9%-ით აღადგინა.
ტურიზმის წილი საქართველოს ეკონომიკაში კორონავირუსის პანდემიამდე დაახლოებით 10 პროცენტს შეადგენდა, ამიტომ ამ სფეროს აღდგენა ქვეყანაში საქმიანი აქტიურობის აღსადგენად ძალზე მნიშვნელოვანია.
ტურიზმი კორონავირუსის პანდემიის გამო ყველაზე მეტად დაზარალდა. 2020 წელს საქართველოში ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი შემცირდა და მხოლოდ 427,7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა (1,7 მილიონი საერთაშორისო მოგზაური), მაშინ, როცა 2019 წელს რეკორდი დაფიქსირდა – ქვეყანას ეწვია 9,3 მილიონზე მეტი საერთაშორისო მოგზაური, ხოლო შემოსავალმა 3,3 მილიარდი დოლარი შეადგინა.
ეკონომიკის აღსადგენად და ტურისტების ქვეყანაში დასაბრუნებლად საქართველომ 2021 წელს შეზღუდვების თანდათანობით მოხსნა და საზღვრების გახსნა დაიწყო.
შედეგად, 2021 წელს საქართველოში დაახლოებით 1,6 მლნ ტურისტული ვიზიტი განხორციელდა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 45,1%-ით მეტია. ტურიზმის შემოსავლებმა 2021 წელს 1,2 მილიარდი დოლარი შეადგინა.