სად არის ყველაზე სუფთა წყალი შავი ზღვის სანაპიროზე

ლაბორატორიული კვლევებით წყალში ვირუსის გამომწვევი ბაქტერიები არ აღმოჩენილა.
Sputnik
თბილისი, 9 აგვისტო – Sputnik. აჭარის პლაჟებთან ზღვის წყლის ხარისხობრივი მაჩვენებლები ბანაობისთვის დასაშვებ ნორმაშია, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.
აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს მიერ ზღვის წყლის ხარისხობრივ მაჩვენებლებზე მონიტორინგი მიმდინარე წლის აპრილიდან მიმდინარეობს.
უწყების ცნობით, ყველაზე სუფთა წყალი, ტრადიციულად, სარფის სანაპირო ზოლშია, შემდეგ მოდის კვარიათის, გონიოს და ქობულეთის სანაპიროები.
ხარისხის დასადგენად ზღვის წყალში შემდეგი მაჩვენებლები შემოწმდა: ლაქტოზა დადებითი ნაწლავის ჩხირები, ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიები, კოლიფაგი, ოქროსფერი სტაფილოკოკები, პათოგენები. დადგინდა, რომ მაჩვენებლები ყველგან ნორმის ფარგლებშია. ლაბორატორიული კვლევებით წყალში ვირუსის გამომწვევი ბაქტერიები არ აღმოჩენილა.
აჭარის რეგიონში მოწყობილია და ფუქციონირებს ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე და მასშტაბური ადლიის გამწმენდი ნაგებობა, სადაც შავ ზღვაში ჩამდინარე წყლები იწმინდება ქვიშის, ცხიმისა და ნარჩენებისგან. გაწმენდილი წყალი ზღვაში სატუმბი სადგურის მეშვეობით 40 მეტრ სიღრმეზე ჩაედინება.
აჭარაში ზღვის ტურისტული სეზონი ოფიციალურად 15 ივნისს ტრადიციული ზაფხულის ფესტივალით გაიხსნა.