თბილისი, 8 აგვისტო — Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღებას ითხოვენ, მაგრამ ხელისუფლებაში ყოფნისას თავად ეპატიჟებოდნენ მათ საქართველოში, განუცხადა ჟურნალისტებს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
ოპოზიციონერებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ რუსეთის მოქალაქეები საქართველოში უკონტროლოდ შემოდიან უკრაინაში კონფლიქტის დაწყების შემდეგ, რაც, მათი თქმით, ქვეყნისთვის საფრთხეს წარმოადგენს. რიგი პარტიები რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესების წინადადებით გამოვიდნენ.
„მე თვითონ ვნახე კადრები, როდესაც წინა ხელისუფლების წარმომადგენლები და ყოფილი პრეზიდენტი თვითონ მოუწოდებდა რუს ტურისტებს შემოსვლას და თვითონ ხვდებოდა საზღვარზე. იგივე პოლიტიკური ძალა დღეს ითხოვს სავიზო რეჟიმის დაწესებას, მხოლოდ იმისთვის, რომ დაზიანდეს ჩვენი ტურისტული სექტორი, რაც დააზარალებს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს“, – განაცხადა დავითაშვილმა ბრიფინგზე.
მინისტრის თქმით, დღეს საქართველოში რუსეთიდან ტურისტების რაოდენობა 2019 წელთან შედარებით შემცირდა, ისევე, როგორც ტურისტების რაოდენობა სხვა ტრადიციული ბაზრებიდან.
ქვეყანას 2022 წლის იანვარი–ივნისში 247,1 ათასი რუსეთის მოქალაქე ეწვია, ეს 463,7%-ით მეტია, ვიდრე 2021 წლის პირველი ექვსი თვის მონაცემი, თუმცა ეს სამჯერ ნაკლებია (64,3%-ით), ვიდრე პანდემიამდე, 2019 წელს.
შემოსავლებმა ტურიზმიდან 2022 წლის ივნისში 301,7 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 2021 წლის მაჩვენებელზე 146,3%-ით მეტია და 11,26%-ით ნაკლები, ვიდრე 2019 წლის ივნისში. ყველაზე მეტი თანხა 2022 წლის ივნისში დახარჯეს ვიზიტორებმა რუსეთიდან – 218,7 მლნ დოლარი.
დავითაშვილმა ისაუბრა ტურიზმის აღდგენის დადებით ტენდენციაზეც და აღნიშნა, რომ ოპოზიცია ცდილობს ნეგატიური გავლენა მოახდინოს პოზიტიურ ტენდენციებზე და ამით ბევრი მოქალაქის ეკონომიკური მდგომარეობა გააუარესოს.
მისი თქმით, ტურიზმი არის ერთ-ერთი ყველაზე ინკლუზიური სექტორი, სადაც ბევრი ადამიანია დასაქმებული.
„ყველაზე დიდი მავნებლობაა, ტურიზმის დადებით ტენდენციებს ვიწრო პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე ხელს უშლიდე“, – აღნიშნა მან.
ეკონომიკის მინისტრმა მოიყვანა სტატისტიკური მონაცემები, რომელთა მიხედვითაც ტურიზმი საქართველოში მხოლოდ 65,3%-ით აღდგა 2019 წელთან - პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით, როდესაც დარგი სწრაფად ვითარდებოდა.
„2019 წელთან შედარება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამ დროს გვქონდა პიკი... ჯერ კიდევ უნდა მოხდეს პანდემიის შედეგების ნეიტრალიზაცია და ამ შემთხვევაში ის აჟიოტაჟი და ცრუ წარმოდგენების შექმნა, რომ საქართველოში არის გადაჭარბებული რაოდენობა ტურისტების, ეს არის დაზიანება იმ ტენდენციების, რომელიც ჩვენ გვაქვს“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და მისი მომხრეები მკაცრად აკრიტიკებენ ხელისუფლებას იმის გამო, რომ მან უკრაინის მოვლენების გამო სანქციები არ დააწესა რუსეთის წინააღმდეგ. ხელისუფლებამ არაერთხელ აღნიშნა, რომ იცავს ყველა საერთაშორისო ფინანსურ სანქციას, მაგრამ საქართველო თავის სანქციებს არ აწესებს, რადგან ეს მხოლოდ ჩვენს ქვეყანას დააზარალებს.
რაც შეეხება რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში 24 თებერვლის შემდეგ შემოვიდნენ და ქვეყანაში იმყოფებიან, 31 ივლისის მდგომარეობით, მათი რაოდენობა 110 ათასზე ნაკლებია, ანუ საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 3 პროცენტი. ეს სამჯერ ნაკლებია, ვიდრე 2019 წელს. „უფრო მეტიც, მათი უმრავლესობა ეროვნებით ქართველია – რუსეთში დაახლოებით მილიონი ქართველი ცხოვრობს“, – განაცხადა უფრო ადრე მმართველი პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
ტურიზმის სფერო ყველაზე მეტად დაზარალდა კორონავირუსის პანდემიის შედეგად. საქართველომ რეკორდულ წარმატებას მიაღწია 2019 წელს, როდესაც საერთაშორისო მოგზაურთა რიცხვმა 9,3 მილიონს გადააჭარბა, ხოლო მიღებულმა შემოსავლებმა 3,3 მილიარდი დოლარი შეადგინა. ტურიზმისგან მიღებული შემოსავლები 2020 წელს 427,7 მლნ დოლარამდე შემცირდა, ხოლო საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა – 1,7 მილიონამდე.
საქართველოს 2021 წელს ტურიზმმა 1,2 მილიარდი დოლარი მოუტანა. სულ 2021 წელს საქართველოში განხორციელდა 1,6 მლნ ტურისტული ვიზიტი.