თბილისი, 7 აგვისტო - Sputnik. ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გასტროტურიზმის ხელშეწყობის მიზნით ახალი პროექტი „გემო ფესტი“ წამოიწყო.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, პირველ ფესტივალს 26-27 აგვისტოს ამბროლაური უმასპინძლებს. ფესტივალზე რაჭის, ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამზარეულოები იქნება წარმოდგენილი.
ფესტივალის სტუმრებს ელოდება ასევე სამეწარმეო ბაზრობები, მუსიკალური და გასართობი სივრცეები დიდებისთვის და პატარებისთვის.
პროექტის მიზანი რეგიონებში ადგილობრივი კერძების პოპულარიზაცია, ახალი გემოების აღმოჩენა, გასტრონომიული მიმართულებით ახალი ტურისტული სერვისების შექმნა და განვითარებაა.
„გემო ფესტი“ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით ხორციელდება.
პროექტის ფარგლებში ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გამოცდილ შეფ-მზარეულებთან ერთად ფესტივალში მონაწილეების მსურველთა შერჩევა და მომზადება დაიწყო.
ფესტივალის მონაწილეების მოძიებასა და მომზადებაში ჩართულები არიან სოფლის განვითარების სააგენტო, ადგილობრივი მუნიციპალიტეტები, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის მხარის ადმინისტრაცია და გასტრონომიული ასოციაციები.
2022 წლის შემდეგ „გემო-ფესტი“ ყოველწლიური ფესტივალის სახეს მიიღებს.