მსოფლიო დღეს

ყურადღება, განგაშია! საელჩო ისრაელში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს

სამუშაო ადგილებზე ყოფნა მხოლოდ იმ დაწესებულებებშია ნებადართული, სადაც თავშესაფრები არსებობს
Sputnik
თბილისი, 6 აგვისტო— Sputnik. ისრაელში საქართველოს საელჩო ქვეყანაში მცხოვრებ თანამემამულეებს აფრთხილებს შეზღუდვების შესახებ, რომლებიც ქვეყანაში სარაკეტო იერიშის გამო ამოქმედდა.
ისრაელის არმიამ პარასკევს ღაზას სექტორში არმალის რაიონს შეუტია. ისრაელის სარდლობის ცნობით, მოკლულია ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური ჯიჰადის“ ერთ-ერთი მეთაური. საერთო ჯამში, დაბომბვის შედეგად სულ მცირე ათი ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 55 დაშავდა. საპასუხოდ „ისლამურმა ჯიჰადმა“ ისრაელის მიმართულებით ასზე მეტი რაკეტა ისროლა. გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმების შედეგად ისრაელის მოქალაქეები არ დაშავებულან.
ამასთან დაკავშირებით საქართველოს საელჩომ გაავრცელა ინფორმაცია შეზღუდვების შესახებ, რომლებიც 6 აგვისტოს 20:00 საათამდე იმოქმედებს (შეზღუდვების ვადის გაგრძელების შემთხვევაში საელჩო დამატებით ინფორმაციას გაავრცელებს).
ღაზას სექტორთან 80 კმ-ის რადიუსში მცხოვრებთათვის ნებადართულია ღონისძიებები და შეკრებები არა უმეტეს 10 ადამიანისა ღია სივრცეში და არა უმეტეს 50 ადამიანისა – დახურულ სივრცეში.
სკოლებში, საბავშვო ბაღებსა და საზაფხულო ბანაკებში სასწავლო პროცესი შეწყდა. სამუშაო ადგილებზე ყოფნა მხოლოდ იმ დაწესებულებებშია ნებადართული, სადაც თავშესაფრები არსებობს
„გთხოვთ, გაითვალისწინოთ და დაიცვათ აღნიშნული უსაფრთხოების ნორმები“, – აღნიშნულია საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ გაფრთხილებაში.
ასეთივე უსაფრთხოების ზომები მოქმედებს ცენტრალურ და დასავლეთ ნეგევის მიმდებარედ მცხოვრებთათვის. განსხვავდება მხოლოდ დახურულ სივრცეში შეკრების პირობა: ნებადართულია 100 ადამიანი.
შეცვლილია ავიარეისების გრაფიკი ბენ-გურიონის საერთაშორისო აეროპორტში.
გარდა ამისა, საჯარო თავშესაფრები გახსნილია ისრაელის სამხრეთით მდებარე ქალაქებში – აშდოდში, შდეროთში, ბერ-შევაში და ასევე რამდენიმე ცენტრალურ ქალაქში.