თბილისი, 6 აგვისტო – Sputnik. შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშემწყობი სამეცნიერო კვლევითი საგრანტო კონკურსი გამოაცხადა, იუწყება განათლების სამინისტროს პრესსამსახური.
კონკურსი ახალი ცოდნისა და რესურსების შექმნას ითვალისწინებს, რაც მყარ საფუძველს შექმნის სახელმწიფო ენის დაცვის, მისი განვითარებისა და პოპულარიზაციის მიმართულებით.
კონკურსი მონაწილეებს შესაძლებლობას მისცემს, სამეცნიერო პროექტები შემდეგი მიმართულებით წარმოადგინონ: ქართული ენა, ქართველური ენები, აფხაზური ენა, საქართველოს ენობრივი მრავალფეროვნება და ენობრივი ტექნოლოგიები.
კონკურსის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ქართველური ენობრივი მრავალფეროვნებისა და საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ენების დოკუმენტირების, ქართული და აფხაზური ენების სწავლების მეთოდოლოგიური რესურსებისა და დისტანციური სწავლების საშუალებების შექმნას.
ამასთან, აღნიშნავენ უწყებაში, სამეცნიერო პროექტები უნდა ითვალისწინებდეს ენობრივი ტექნოლოგიების განვითარების, ინტერნეტ სივრცეში სახელმწიფო ენის ფუნქციონირების დაცვისა და ქართული და აფხაზური ენების პოპულარიზაციის ხელშეწყობას.
საგრანტო კონკურსის ბიუჯეტი 240 ათას ლარს შეადგენს.