თბილისი, 6 აგვისტო – Sputnik. საქართველოს მთავრობა მალე ბალნეოლოგიური კურორტების განვითარებისა და ამ სფეროში ინვესტიციების მოზიდვის ახალ კონცეფციას წარადგენს, იუწყება ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ადმინისტრაცია.
კურორტების განვითარება მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ამ მიმართულების ფარგლებში წელს მთავრობამ წყალტუბოს განთქმული ბალნეოლოგიური კურორტის განახლების პროექტი წამოიწყო.
წყალტუბო - ბალნეოლოგიური კურორტი. საქართველოს ღირსშესანიშნაობები
© photo: Sputnik
ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე, რომელსაც პრემიერი უძღვებოდა, ეკონომიკური გუნდის წევრებმა კურორტების განვითარების მნიშვნელობაზე იმსჯელეს.
„ითქვა, რომ ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისა და სტიმულირებისთვის საჭიროა საერთაშორისო ვიზიტორთა მოცულობის ზრდა, რისთვისაც კურორტების განვითარება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს“, - ნათქვამია განცხადებაში.
2022 წლის იანვარი–ივნისში საერთაშორისო მოგზაურების რიცხვი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 198,3%-ით გაიზარდა და 1,6 მლნ შეადგინა.
საქართველომ 2022 წლის ექვს თვეში 2019 წლის მაჩვენებლები 42,1%-ით აღადგინა.
ვიზიტების მთლიანი რაოდენობიდან 1,2 მლნ ტურისტული ვიზიტი იყო, რაც 186,3%-ით მეტია 2021 წლის იანვარი–ივნისთან შედარებით. 2019 წელთან შედარებით ნაკადი 56,85%-ით აღდგა.