თბილისი, 6 აგვისტო– Sputnik. ქართველი და გერმანელი მეცნიერები იკვლევენ იმ მცენარეთა ენდემურ სახეობებს, რომლებიც საქართველოს მთიან რეგიონებში ლუდის ხარშვის პროცესში გამოიყენება.
ერთობლივ პროექტს საქართველოს და მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტები ახორციელებენ, ნათქვამია სტუ-ს პრეს-რელიზში.
„ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც უცხოელი მეცნიერები საქართველოში ლუდის წარმოებითა და კერძოდ, ლუდის ხარშვისას გამოყენებული ენდემური მცენარეების თავისებურებებისა და სპეციფიკური შემადგენლობის შესწავლით დაინტერესდნენ. ამ ეტაპზე ერთობლივი წინასწარი კვლევები მიმდინარეობს“, - განაცხადა სტუ-ის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა გიგა ქვარცხავამ.
თბილისში უკვე იმყოფებიან პროფესორები მათიას ჰუცლერი და მარტინ ცარნკოვი. ორივე მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ლუდის ხარშვისა და სასმელების დამზადების ტექნოლოგიების კათედრის თანამშრომელია. სამეცნიერო საქმიანობის გარდა, ისინი ლუდის წამყვანი მწარმოებლების კონსულტანტები არიან.
ჰუცლერი და ცარნკოვი ქართველ კოლეგებთან ერთად საქართველოს იმ მთიან რეგიონებს მოინახულებენ, რომლებიც ლუდის ხარშვის მდიდარი ტრადიციებით გამოირჩევა. ეს არის მთა-თუშეთი, ხევსურეთი და ყაზბეგის მუნიციპალიტეტი.
წინასწარი კვლევის შედეგები საქართველოს და მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტების ბაზაზე დამუშავდება და სამ თვეში გამოქვეყნდება, შემდგომში ერთობლივი სამეცნიერო პროექტი შემუშავდება.
ისტორიკოსები მიიჩნევენ, რომ ლუდის ხარშვის კულტურა საქართველოში აღმოსავლეთიდან არის შემოტანილი.
საქართველოში ლუდის ხარშვა უძველესი დროიდან მთის ტრადიციად არის მიჩნეული, ხოლო მთაში მცხოვრებთათვის ლუდი ისეთივე მნიშვნელოვანი სასმელია, როგორც ბარში ღვინოა მიჩნეული.
ხევსურები, თუშები, მოხევეები და ფშავები ტრადიციულ დღესასწაულებს თავიანთი გამოხდილი ლუდით აღნიშნავდნენ.
2020 წელს მთიანეთში არსებული ლუდის ხარშვის მეთოდი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში მოხვდა.