ამბროლაურში დიალიზის კაბინეტი გაიხსნა

მესტიისა და ამბროლაურის შემდეგ, აღნიშნული სერვისი ლანჩხუთში, თიანეთსა და ყაზბეგში ამოქმედდება, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.
Sputnik
თბილისი, 6 აგვისტო – Sputnik. ამბროლაურში დიალიზის კაბინეტი გაიხსნა, იუწყება საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
მანამდე ბენეფიციარებს ამ სერვისის მისაღებად სხვადასხვა რეგიონში უწევდათ ჩასვლა, რაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან, დამატებით დროსა და ხარჯებთან იყო დაკავშირებული.
დიალიზის თერაპიისთვის უკვე სრულად არის აღჭურვილი ამბროლაურში, „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ სამედიცინო დაწესებულება. ბენეფიციარებს პირველ ეტაპზე სამეგრელოდან და იმერეთიდან მოწვეული სპეციალისტები მოემსახურებიან, უახლოეს მომავალში კი მათ სამინისტროს მიერ გადამზადებული სპეციალისტები ჩაანაცვლებენ.
ამ ეტაპზე ამბროლაურში დიალიზის სერვისს 15-მდე პაციენტი იღებს. მომდევნო კვირიდან კი აღნიშნული მომსახურებით მიმდებარე მუნიციპალიტეტებსა და სოფლებში მცხოვრები 25-მდე ბენეფიციარი ისარგებლებს.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ილია ღუდუშაურმა უკვე დაათვალიერა ჯანდაცვის ცენტრი, სადაც დიალიზის განყოფილება მოეწყო.
როგორც ღუდუშაურმა განმარტა, მესტიისა და ამბროლაურის შემდეგ, აღნიშნული სერვისი ლანჩხუთში, თიანეთსა და ყაზბეგში ამოქმედდება. ჯანდაცვის მინისტრმა რეგიონებში დიალიზის სერვისის ხელმისაწვდომობის გაზრდა 2022 წლის აპრილში დააანონსა.
ქვეყნის მასშტაბით აღნიშნული სერვისები „დიალიზის და თირკმლის ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში იხსნება, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს.