თბილისი, 3 აგვისტო – Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკი განიხილავს იმ კრედიტების სტატუსის შეცვლის შესაძლებლობას, რომლებიც რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული, განაცხადა რეგულატორის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.
ამჟამად საქართველოში რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული 9,5 მილიარდი ლარის ოდენობის 190 ათასი კრედიტია გაცემული.
„ჩვენ ვმუშაობთ ამ საკითხზე. არაერთი ქვეყნის პრაქტიკა შევისწავლეთ ამასთან დაკავშირებით, თუ რა ინდექსის გამოყენება არის შესაძლებელი. ჯერ ჩამოყალიბებული არ ვართ. მოკვლევა დავამთავრეთ, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებისათვის დაგვჭირდება კიდევ მსჯელობა“, – განუცხადა გვენეტაძემ ჟურნალისტებს.
მისი თქმით, ეს თავისთავად არ შეცვლის ვითარებას სესხის პროცენტის ზრდასთან დაკავშირებით, რადგან ინდექსი მნიშვნელოვანწილად ასახავს რეფინანსირების საპროცენტო განაკვეთს და ცვლილებებს მასთან დაკავშირებით.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი კვლავ 11%-ს შეადგენს.
რეფინანსირების განაკვეთი – პროცენტის ოდენობაა წლიური გაანგარიშებით, რომელსაც საკრედიტო ორგანიზაციები ეროვნულ ბანკს მათთვის გამოყოფილი კრედიტებისთვის უხდიან. რეფინანსირების განაკვეთი ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტია და საფინანსო სექტორში საბაზრო განაკვეთების ორიენტირად არის მიჩნეული.