თბილისი, 3 აგვისტო – Sputnik. საქართველოს მხრიდან ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად საპარლამენტო ფორმატებში მუშაობაა აუცილებელი, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საქართველოში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოებისა და ევროკავშირის საელჩოს წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ.
ევროკავშირის საბჭომ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების გადაწყვეტილება მიიღო. ევროკომისიამ საქართველოსთვის 12 პირობა დაასახელა და აღნიშნა, რომ მხოლოდ მათი შესრულების შემთხვევაში მიენიჭება ქვეყანას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ამ პირობებს შორისაა პოლარიზაციის პრობლემის გადაჭრა საზოგადოებაში, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და ა.შ.
„გავაცანით იმ ვადების გრაფიკი, რომელიც საკმაოდ მკაფიო და მკაცრია... ასევე გავაცანით იმ შეხვედრების გრაფიკი, რომლებიც აქამდე გაიმართა კომიტეტის, სამუშაო ჯგუფის თუ სხვა თავისუფალ ფორმატებში. ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა არის დაგეგმილი. ვთანხმდებით ერთ რამეზე – რომ საპარლამენტო ფორმატები არის აქ წამყვანი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, პარლამენტის რეგლამენტი ითვალისწინებს განხილვის ისეთ ფორმატებს, რომლებშიც, სურვილის შემთხვევაში, მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ევროპული მომავლით დაინტერესებულ ნებისმიერ სუბიექტს.
„კომიტეტები, სამუშაო ჯგუფები – საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული ფორმატებია, რომელიც უზრუნველყოფს ჩართულობას ამ პროცესში, რათა პროცესი იყოს თავად ინკლუზიური, და ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ყველა, ვისაც აინტერესებს საქართველოს ევროპული მომავალი, აინტერესებს იყოს ნაწილი 12 რეკომენდაციის შესრულებისა და აინტერესებს, მათ შორის, რომ იყოს დეპოლარიზაციის ნაწილიც, იყოს ამ სამუშაო ჯგუფებში და კომიტეტის სხდომებზე“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ეს აუცილებელია ასევე კანონპროექტების შემუშავებისა და მათზე მსჯელობისთვის.
დიპლომატებთან შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ევროპული ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი და საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ხელაშვილი.
ევროკავშირის 12 პირობაზე ერთობლივი მუშაობისკენ „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაციამაც მოუწოდა, რომელიც თბილისში ივლისის მეორე ნახევარში იმყოფებოდა.
ოპოზიციის ნაწილი ეთანხმება იმ აზრს, რომ ევროკავშირის რეკომენდაციებზე მუშაობა კოორდინირებულად, ყველა მხარის მონაწილეობით უნდა წარიმართოს. თუმცა ზოგიერთი ოპოზიციური პარტია უარს ამბობს მმართველი ძალის მიერ შეთავაზებულ ფორმატებში მუშაობაზე და აცხადებს, რომ მათ არ აწყობთ წინაპირობები. მათ შორის არიან პარტიები „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ლელო საქართველოსთვის“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.