მოსმენების სკანდალური საქმე: ეკა ბესელიას დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა

ჟურნალისტების, სასულიერო პირებისა და დიპლომატების მოსმენების ფაქტზე პროკურატურამ დაზარალებულის სტატუსი რამდენიმე ჟურნალისტს უკვე მიანიჭა.
Sputnik
თბილისი, 3 აგვისტო - Sputnik. საქართველოს პროკურატურამ პარლამენტის ყოფილ დეპუტატს, პარტიის „სამართლიანობისთვის“ ლიდერს ეკა ბესელიას ე.წ. სუს-ის კრებსების საქმეზე დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა.
ე.წ. კრებსები 2021 წლის 13 სექტემბერს გავრცელდა. ისინი, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) მიერ უკანონო ფარული მოსმენა-მიყურადების და თვალთვალის შესახებ 58 ათასამდე ფაილს შეიცავდა. აღნიშნული დოკუმენტები სუს-ის მიერ ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენას და თვალთვალს უკავშირდება.
როგორც ბესელიამ აღნიშნა, სატელეფონო საუბრების დიდი ნაწილი ეხება იმ პერიოდს, როდესაც ის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს იკავებდა (2017-2018 წლები).
მოსმენების საქმე: ტელეარხ „ფორმულას“ წამყვანი დაზარალებულად ცნეს>>
„დავიკითხე მოწმის სახით, სექტემბერში დაიწყო ამ საქმის გამოძიება და ახლა მცნეს დაზარალებულად, თუმცა ამას წინ უძღოდა ჩემი მოთხოვნა, როდესაც პირადად მივმართე პროკურატურას“, - განაცხადა ბესელიამ.
როგორც ეკა ბესელიამ განაცხადა, დანაშაულის კვალი მიდის სახელმწიფო სტრუქტურებამდე, ამიტომ ძნელად წარმოსადგენია, გამოძიების ფარგლებში პასუხისმგებელი პირები გამოიკვეთონ.
„ჩემი ვარაუდით, კვალი მიდის სახელმწიფო სტრუქტურებამდე, შეუძლებელია ამ მასშტაბით ფაილების დახარისხება და კრებსების გაკეთება გადაეწყვიტათ ფიზიკურ პირებს, ამას აკეთებენ ძალოვანი უწყებები. ამიტომ, ძნელად წარმომიდგენია ამაზე პასუხისმგებელი პირები გამოკვეთონ“, - აღნიშნა მან.
დაზარალებულად ცნობას ელოდებიან სხვა პოლიტიკოსებიც. კერძოდ, ყოფილი ბანკირები და პარტიის „ლელო საქართველოსთვის" ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. ასევე დაზარალებულად ცნობას ელოდება ცნობილი ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე.
ბოლო პერიოდში არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მედიაომბუდსმენმა მოსმენებთან დაკავშირებით და დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე გამოძიების მხრიდან უარის თქმის გამო ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართეს. საქართველოში დაზარალებულის სტატუსი იძლევა გამოძიების მასალებზე და იმ ინფორმაციაზე წვდომას, თუ როგორ მიმდინარეობს საქმის გამოძიება.
არასამთავრობო ორგანიზაციები სარჩელში აღნიშნავენ, რომ დარღვეულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება) და მე-13 (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) მუხლები.
მოსმენების სკანდალური საქმე: დაზარალებულად კიდევ ორი ჟურნალისტი ცნეს>>
საქართველოს პროკურატურამ ფარული მოსმენების გამოძიების საქმეზე დახმარებისთვის დასავლეთის ქვეყნებს უკვე მიმართა.
ამ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებას ბრიუსელთან ახსნაც მოუწია, რადგან მასალებს შორის იყო გაშიფრული საუბარი 2020 წლის მარტში ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელსა და მის ერთ-ერთ თანამშრომელს შორის, სადაც ისინი განიხილავდნენ ეკლესიაში არსებულ ვითარებას და პანდემიის დროს მასობრივი რიტუალების ჩატარებას.
საქართველოს ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ პასუხი გაეცემა კითხვას, იყო თუ არა გავრცელებული ჩანაწერები მოპოვებული კანონის ფარგლებში.