თბილისის მთავრობის წევრებმა გუდაურში დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს

მთელი საქართველო შეძრა ამ ტრაგედიამ, განაცხადა დედაქალაქის მერმა.
Sputnik
თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომა გუდაურის მთებში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნისადმი წუთიერი დუმილით დაიწყო.
ოფიციალური ვერსიით, 29 ივლისს გუდაურის ტერიტორიაზე ორი ადამიანი პარაპლანით ფრენისას კლდეს შეეჯახა და ჩამოვარდა. დაშავებულთა დასახმარებლად გაფრინდა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, რომელმაც სამაშველო ოპერაციისას მართვა დაკარგა, ჩამოვარდა და აფეთქდა. ვერტმფრენის ბორტზე რვა ადამიანი იმყოფებოდა, ავიაკატასტროფის შედეგად რვავე მათგანი დაიღუპა.

„რთულია ამ ტკივილის და დანაკლისის სიტყვებით გადმოცემა", – განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერმა გუდაურში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა.
„მთელი საქართველო შეძრა ამ ტრაგედიამ. მუდამ ადამიანების სიცოცხლისა და უსაფრთხოების სადარაჯოზე მყოფი გმირი მაშველები, ექიმები, სასაზღვრო პოლიციის მფრინავები ტრაგიკულად დაიღუპნენ სამაშველო ოპერაციის დროს. მინდა კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო მათ ოჯახებს და ახლობლებს", – განაცხადა მერმა.
გუდაურთან ტრაგიკულად დაღუპულ მფრინავებსა და მაშველებს სამხედრო პატივით დაკრძალავენ>>
მან ასევე მიუსამძიმრა გარდაცვლილი ესტრადის მომღერლის მამუკა ონაშვილის ოჯახს, რომელიც ავტოავარიის შემდეგ მიყენებული დაზიანებების შედეგად ორშაბათს გარდაიცვალა.
„ესეც ძალიან დიდი დანაკლისია ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქალაქისთვის", – განაცხადა კახა კალაძემ.
გუდაურში სამაშველო ოპერაციისას დაღუპულები მედლით „სამოქალაქო თავდადებისთვის" დაჯილდოვდნენ
დაღუპული მფრინავების, მაშველებისა და ექიმების სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში დღეს, 2 აგვისტოს 11:00-დან 14:00 საათამდე გაიმართება.
მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით 30 ივლისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.