Fitch-მა დაადასტურა საქართველოს რეიტინგი: ქვეყნის ეკონომიკის პლუსები და მინუსები
საერთაშორისო სააგენტო 2022 წელს რეალური მშპ-ის 10,9%-იანი ზრდის პროგნოზს აკეთებს.
Sputnikთბილისი, 2 აგვისტო – Sputnik. საერთაშორისო რეიტინგულმა სააგენტო Fitch Ratings-მა დაადასტურა საქართველოს ემიტენტის დეფოლტის გრძელვადიანი რეიტინგი უცხოურ ვალუტაში BB დონეზე პროგნოზით „სტაბილური“, აღნიშნულია სააგენტოს პრეს-რელიზში.
„საქართველოს რეიტინგის საფუძველი საიმედო და ეფექტური პოლიტიკა და მართვის ძლიერი მაჩვენებლებია. ოფიციალური კრედიტორების გრძელვადიანმა მხარდაჭერამ მაკროეკონომიკური სტაბილურობის რისკები შეამცირა და უზრუნველყო საჭირო დაფინანსება“, – აღნიშნულია სააგენტოს პრეს-რელიზში.
ანგარიშში მითითებულია, რომ კრედიტუნარიანობის ხსენებული ძლიერი მხარეები დაბალანსებულია სავალუტო რისკებისადმი სახელმწიფო ვალის მნიშვნელოვანი მიდრეკილებით, მაღალი დოლარიზაციითა და საგარეო ფინანსებით, რომლებიც საგრძნობლად სუსტია, ვიდრე BB კატეგორიის რეიტინგის მქონე კომპანიების უმრავლესობისა.
საგადახდო ბალანსი და სავალუტო რისკები
უკრაინაში მიმდინარე მოვლენები სერიოზული დადებითი ეკონომიკური შოკი აღმოჩნდა, ვინაიდან რუსეთის, ბელარუსისა და უკრაინის 90 ათასამდე მოქალაქე საქართველოში ჩამოვიდა. ამან გამოიწვია ფულადი გადარიცხვების 65%-ით ზრდა 2022 წლის პირველ ნახევარში. ამასთან, ფულადი გადარიცხვები მხოლოდ რუსეთიდან სამჯერ გაიზარდა. ამჟამად Fitch მიიჩნევს, რომ ესაა ერთჯერადი ეგზოგენური შოკი და მისი გრძელვადიანი გავლენა საგადახდო ბალანსსა და საგარეო ფინანსებზე ჯერ არ არის ბოლომდე ნათელი.
„2022 წელს ფულადი გადარიცხვების ზრდა შეამცირებს მიმდინარე ოპერაციების ანგარიშის დეფიციტს მშპ-ის დაახლოებით 5,1%-მდე (2022 წ. პირველი კვარტალი – 13%, 2021 წ. – 9,8%), თუმცა ჯერ კიდევ საგრძნობლად მაღალი იქნება მიმდინარე ВВ მედიანურ 3,5%-იან მაჩვენებელზე. 2021–2024 წლებში მიმდინარე ანგარიშებზე უცხოური ვალუტის (FX) რეზერვების დაფარვა საშუალოდ 4,5 თვე იქნება", – ნათქვამია პრეს-რელიზში.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ივნისში საქართველოსთვის დამტკიცებული შეთანხმებები 280 მლნ აშშ დოლარზე ასევე დადებითად მოქმედებს ლიკვიდურობის გარეშე რისკებზე, თუმცა ამჟამად ხელისუფლება მას იხილავს, როგორც სიფრთხილის ზომას.
საქართველო ძლიერ რეაგირებს გეოპოლიტიკურ რისკებზე, განსაკუთრებით, რუსეთის მონაწილეობით აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოუგვარებელი კონფლიქტების გათვალისწინებით, აღნიშნავენ Fitch-ის ანალიტიკოსები.
„ხელისუფლება რუსეთის მიმართ საერთაშორისო სანქციებს აწესებს, აკვირდება ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკის მესაკუთრის ცვლილებას და კონტროლს აწესებს მინერალური წყლის უმსხვილეს მწარმოებელზე. ამასთან ეკონომიკური ურთიერთობები გრძელდება“, – აღნიშნულია პრეს-რელიზში.
დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ კონფლიქტისადმი მთავრობის ფაქიზი მიდგომა, როგორც ჩანს, ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილს აღიზიანებს.
პოლიტიკის საფუძველი საიმედო რჩება
Fitch-ის ანალიტიკოსების აზრით, საქართველომ პანდემიამდე ფისკალური დისციპლინის, შემოსავლების მართვის პროგრესსა და სახელმწიფო საწარმოების საბიუჯეტო გამჭვირვალობის მაღალ მაჩვენებლებს მიაღწია.
„ფისკალური პოლიტიკა თანდათანობით მკაცრდება შემოსავლების ძალიან სწრაფი ზრდისა და ვალუტის გამყარების ფონზე და ხელისუფლება აპირებს ფისკალური წესების დაცვას დაუბრუნდეს, რაც მოითხოვს მშპ-ის 3%-ზე ნაკლებ დეფიციტს 2023 წელს“, – ნათქვამია პრეს-რელიზში.
სააგენტოს წარმომადგენელთა აზრით, მთავრობა საექსპორტო ბაზრის დივერსიფიკაციის მიზნით გარკვეულ ძალისხმევას მიმართავს. ამასთან, ჩინეთი 2022 წლის იანვარი–მაისში უმსხვილეს საექსპორტო ბაზრად ყალიბდება.
Fitch-ის აზრით, საქართველოს ეროვნული ბანკი ფხიზელ პოლიტიკას ატარებს, რომელიც ლარს საშუალებას აძლევს, ბუნებრივ ამორტიზატორად იქცეს, და ის არ ერევა საკითხში ვალუტის დასუსტების მიზნით (რომელიც თებერვლის ბოლოდან 11,5%-ით გაიზარდა). საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მაღალი ინფლაციის საპასუხოდ რეფინანსირების განაკვეთი 50 საბაზისო პუნქტით, 11%-მდე გაზარდა.
ეკონომიკის რეკორდული ზრდა
ტურისტების მნიშვნელოვან მატებასთან ერთად (წლიური დაანგარიშებით 234,5%), სტაბილური მოხმარების, დადებითი წმინდა ექსპორტისა და ფულადი გზავნილების გათვალისწინებით, რეალური მშპ-ის ზრდა 2022 წელს 10,9%-ის დონეზეა პროგნოზირებული.
სტაბილური საექსპორტო მოთხოვნილება და ტურიზმის აღდგენა ხელს შეუწყობს ზრდის შენარჩუნებას 5,3%-ის დონეზე 2023 წელს და 4,7%-ის დონეზე 2024 წელს.
გარკვეული რისკი მოსალოდნელია უძრავი ქონების სექტორში, სადაც ფასების მატება შეინიშნება (გაყიდვა და იჯარა).
Fitch აღნიშნავს, რომ საგადასახადო-საბიუჯეტო პოლიტიკის გამკაცრება და მინიმალური მშპ-ის მოსალოდნელზე მეტი ზრდა ხელს შეუწყობს სახელმწიფო ვალის დასტაბილურებას მშპ-ის 42,6%-ის დონეზე 2022-24 წლებში, რაც პანდემიამდელ მაჩვენებელს მცირედით აღემატება.
„სავალუტო რისკების მიმართ მოწყვლადობა მნიშვნელოვანია: სახელმწიფო ვალის 80,5% ნომინირებულია უცხოურ ვალუტაში. გარდა ამისა, სახელმწიფო ვალის პროფილი მთლიანობაში კეთილსაიმედოა: 73% მოდის შეღავათიან სესხებზე, საგარეო ვალის გასტუმრების საშუალო ვადა რვა წელს აღემატება“, – ნათქვამია პრეს-რელიზში.
ინფლაციამ ივნისში, წლიური გაანგარიშებით, 12,8%-ს მიაღწია, რაც ცენტრალური ბანკის მიერ დადგენილ 3%-იან მიზნობრივ მაჩვენებელს საგრძნობლად აღემატება.
„გლობალურად ენერგომატარებლებზე ფასების ზრდის გავლენა საქართველოზე შედარებით შეზღუდულია, ვინაიდან ის ძირითადად ბუნებრივ აირს იღებს აზერბაიჯანიდან გრძელვადიანი კონტრაქტების საფუძველზე, ხოლო ლარის კურსის გამყარებამ ინფლაციის ზრდის შეჩერებას შეუწყო ხელი“, – აღნიშნულია პრეს-რელიზში.
Fitch მოელის, რომ ინფლაცია წლიური დაანგარიშებით საშუალოდ 11,5% იქნება, ვინაიდან ფასები საცხოვრებელსა და კვების პროდუქტებზე მაღალი დარჩება, შემდეგ კი შემცირდება 2023 წელს 6,2%-მდე და 2024 წელს 4,2%-მდე. ფულად-საკრედიტო პოლიტიკა მკაცრი დარჩება მიუხედავად დოლარიზაციის მაღალი დონისა და უპირატესად ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთისა.
რამ შეიძლება იმოქმედოს რეიტინგზე უარყოფითად
საშინაო პოლიტიკური თუ გეოპოლიტიკური რისკების გაძლიერება არაკეთილსაიმედო შედეგებით ეკონომიკური ზრდისა და პოლიტიკის საფუძვლებისთვის;
გარეშე ფაქტორების მიმართ მოწყვლადობის მკვეთრი ზრდა, მაგალითად, დეფიციტის ზრდის გამო მიმდინარე ოპერაციების და საერთაშორისო რეზერვების სწრაფი შემცირების ხარჯზე;
სახელმწიფო ვალის მიმართება მშპ-სთან საშუალოვადიან პერსპექტივაში იზრდება, რაც ასახავს ან არასაკმარის საბიუჯეტო კორექტირებას, უფრო სუსტ გარემოს ზრდისთვის ან შემდგომ გარეშე შოკებს.
რამ შეიძლება იმოქმედოს რეიტინგზე დადებითად
გარეშე მოწყვლადობის შემცირება, მაგალითად, მიმდინარე ოპერაციების ანგარიშის დეფიციტის შემცირება შესადარებელ დონემდე, ან საერთაშორისო რეზერვების ზრდა;
მშპ-ის უფრო ძლიერი და მდგრადი ზრდის პერსპექტივები შემცირებული მაკროეკონომიკური მოწყვლადობით, როგორიცაა მაღალი დოლარიზაცია, რაც იწვევს მშპ-ის მაღალ ზრდას ერთ სულ მოსახლეზე.