თბილისი, 1 აგვისტო – Sputnik. ორშაბათს გამართულ სავალუტო აუქციონზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 10 მილიონი აშშ დოლარი იყიდა. ლარის საშუალო შეწონილმა კურსმა დოლარის მიმართ ვაჭრობისას 2,7514 GEL/$1 შეადგინა.
ეროვნული ბანკის მიერ სამშაბათს დადგენილი ლარის ოფიციალური კურსი დოლარის მიმართ 2,7484 GEL/$1-ია.
ეროვნულმა ბანკმა ვალუტა 2022 წლის მაისში 2019 წლის ივნისის შემდეგ პირველად იყიდა. დღევანდელი შესყიდვა სამი თვის განმავლობაში მეორე აღმოჩნდა. მანამდე მარეგულირებელი მხოლოდ დოლარს ყიდდა ეროვნული ვალუტის სტაბილიზაციის მიზნით.
კერძოდ, 2021 წელს მარეგულირებელმა ცხრა აუქციონზე 332,9 მილიონი დოლარი გაყიდა, წელს კი ერთადერთ აუქციონზე 39,57 მილიონი დოლარი იყო გაყიდული.
მარტის პირველი რიცხვებისთვის ლარის კურსი 3,4 GEL/$1 ნიშნულამდე დაეცა, მაგრამ შემდეგ ეროვნულმა ვალუტამ გამყარება დაიწყო. ლარის ზრდამ დოლარის მიმართ ამ პერიოდში 19,4% შეადგინა.
დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2009 წლის მაისიდან Bloomberg-ის სავაჭრო სისტემის ბანკთაშორის ბაზარზე გარიგებების აგრეგირების მეშვეობით განისაზღვრება. 2021 წლის 1 თებერვლიდან ქართული სავალუტო ბაზარი მთლიანად Bmatch Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობაზე გადავიდა.