ერდოღანი შეიძლება საქართველოს ეწვიოს

თურქეთის ლიდერი მეზობელ ქვეყანაში სტუმრობის შესაძლებლობას განიხილავს.
Sputnik
თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. საქართველოში თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიიფ ერდოღანის შესაძლო ვიზიტის საკითხი განიხილეს ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ანკარაში შეხვედრის დროს.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი თავის თურქ კოლეგას მევლუდ ჩავუშოღლუს შეხვდა და რიგი მნიშვნელოვანი საკითხები განიხილა.

„ვისაუბრეთ მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის აუცილებლობაზე და, მათ შორის, ახლო მომავალში პრეზიდენტ ერდოღანის შესაძლო ვიზიტზე საქართველოში", – განაცხადა დარჩიაშვილმა პრესკონფერენციაზე.

დარჩიაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები დინამიკურად ვითარდება. საგარეო უწყების ხელმძღვანელი ასევე შეეხო საინვესტიციო გარემოს განვითარების საკითხს.
დარჩიაშვილის თქმით, საქართველო მაქსიმალურად ცდილობს, რომ თურქეთის კერძო სექტორის წარმომადგენლებს სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან ხელშეწყობა ჰქონდეთ.
ტვირთბურნვა 3 მლრდ დოლარის ოდენობით: საქართველო-თურქეთის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის>>
საქართველომ და თურქეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 21 მაისს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ეკონომიკის, ენერგეტიკის, რეგიონული უსაფრთხოების, განათლების სფეროებში და ერთმანეთს მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორებად მიიჩნევენ.
თურქეთი საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია. საქართველოსა და თურქეთის საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2022 წლის პირველ ნახევარში დაახლოებით 1,3 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც საქართველოს მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 15,3%-ია.