თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები სახელმწიფო პროგრამაში „დანერგე მომავალი“ დამატებით ბენეფიტს მიიღებენ, ნათქვამია სოფლის განვითარების სააგენტოს ინფორმაციაში.
აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირების დამატებით ფინანსურ მხარდაჭერას სოფლის განვითარების სააგენტოსა და ეკონომიკური პროგრამების სააგენტოს შორის გაფორმებული დოკუმენტი ითვალისწინებს.
მემორანდუმი სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების პროცესში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირების მხარდაჭერის მიზნით გაფორმდა. დოკუმენტს ხელი სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ილია თამარაშვილმა და ეკონომიკური პროგრამების სააგენტოს თავმჯდომარემ ვასილ ბაბუნაშვილმა მოაწერეს.
„მემორანდუმით მხარეები თანხმდებიან, რომ სახელმწიფო პროგრამის ,,დანერგე მომავალი" ფარგლებში ბენეფიციარის, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირის მიერ წარდგენილი პროექტის საერთო ღირებულების 70%-ს ფარავს სოფლის განვითარების სააგენტო, 20%-ს – ეკონომიკური პროგრამების სააგენტო ,10%-ს – ბენეფიციარი“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
აფხაზეთის ტერიტორიის გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ბენეფიციარების თანადაფინანსების შემთხვევაში კი სოფლის განვითარების სააგენტო აფინანსებს ბენეფიციარის პროექტის საერთო ღირებულების 80%-ს, ეკონომიკური პროგრამების სააგენტო – 10%-ს, ბენეფიციარი – 10%-ს.
აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა პირებმა პროგრამაში დამატებითი შეღავათის მისაღებად თანადაფინანსების მოთხოვნით უნდა მიმართონ ეკონომიკური პროგრამების სააგენტოს.
დღეისათვის საქართველოში იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსი 273,4 ათას ადამიანს აქვს მინიჭებული, ეს დაახლოებით 90 ათასი ოჯახია.
სამთავრობო პროგრამა „დანერგე მომავალი“, რომელიც ქვეყანაში ბაღების გაშენებას უწყობს ხელს, 2015 წლის მარტიდან მოქმედებს. აღნიშნული პროექტი, რომელიც სახელმწიფო პროგრამა „შეღავათიანი აგროკრედიტის“ შემადგენელი ნაწილია, სახელმწიფოს მხრიდან ხეხილის ბაღების განახლება-გაშენებისთვის ფერმერების მიერ ნერგების შეძენის დაფინანსებას ითვალისწინებს.