როგორ იცავს საქართველოს ეროვნული ბანკი მომხმარებელთა უფლებებს

ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული ეთიკის კოდექსი საფინანსო ორგანიზაციებს საქმიანი ურთიერთობების კეთილსინდისიერების, გამჭვირვალობისა და სამართლიანობის პრინციპებზე აგებისკენ უბიძგებს, განაცხადა ბანკის პრეზიდენტმა.
Sputnik
თბილისი, 28 ივლისი – Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკი უკვე მრავალი წელია აქტიურად მუშაობს მომხმარებლების უფლებებისა და ინტერესების დაცვაზე, განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ბანკის 2021 წლის ანგარიში წარადგინა, რომელიც მოიცავს ფულად-საკრედიტო, სავალუტო და საზედამხედველო პოლიტიკის, შემოწმებული ფინანსური ანგარიშის მიმოხილვას.

„ეროვნული ბანკი, როგორც საბანკო რეგულატორი, ისე არეგულირებს საბანკო სექტორს, რომ მომხმარებელი, მოქალაქე, ფინანსურ ორგანიზაციებთან ურთიერთობისას დაცული იყოს. აღნიშნული მიმართულებით, როგორც წინა წლებში, 2021 წელსაც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა“, – განუცხადა გვენეტაძემ დეპუტატებს.

ასეთ ნაბიჯებს შორის მან დაასახელა არსებული საკანონმდებლო ჩარჩოს დახვეწა და სექტორში საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვა, რაც, თავის მხრივ, მოიცავდა სექტორთან კონსულტაციებს და სამუშაო შეხვედრებს.
კერძოდ, შემუშავდა საფინანსო ორგანიზაციების მიერ კრედიტის ამოღებასთან დაკავშირებული ეთიკის კოდექსი და საფინანსო ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის ცვლილებები.
ეროვნული ბანკი მომხმარებელთა უფლებების დაცვის დონის ამაღლებას აგრძელებს>>
„კოდექსი საფინანსო ორგანიზაციების მხრიდან კეთილსინდისიერების, გამჭვირვალობისა და სამართლიანობის პრინციპებზე დამყარებული საქმიანი ურთიერთობების წარმართვას, ხოლო წესის ცვლილებები საბანკო პროდუქტებისა და მომსახურებების, მათ შორის, მოთხოვნამდე დეპოზიტებისა და ოვერდრაფტების მეტ გამჭვირვალობას და, შედეგად, მომხმარებელთა მხრიდან ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებას უზრუნველყოფს“, – აღნიშნა გვენეტაძემ.
გარდა ამისა, მიმდინარეობს დადგენილი მოთხოვნების მუდმივი კონტროლი. ასევე ჩატარდა ტრენინგები მოქმედი მოსამართლეებისთვის.