„ფარდა ახადა“ - ხელისუფლების წარმომადგენლები ივანიშვილის წერილზე

„ქართული ოცნების" მოქმედი და ყოფილი წევრების განცხადებით, ივანიშვილის წერილი ძალზე მნიშვნელოვან სიგნალებს შეიცავს.
Sputnik
თბილისი, 27 ივლისი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის წერილმა ფარდა ახადა ყველაფერს და დაადასტურა, რომ საქართველო მართლაც იდგა ომში ჩართვის რისკის წინაშე, განაცხადა პარლამენტის დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ, რომელმაც მმართველი პარტიის რიგები ცოტა ხნის წინ დატოვა.
ივანიშვილმა, რომელსაც ოპოზიცია და ევროდეპუტატების ნაწილი ოლიგარქს უწოდებს და საქართველოს კულისებიდან მართვაში ადანაშაულებს, ოთხშაბათს ხანგრძლივი დუმილი დაარღვია. მან დაადასტურა ინფორმაცია, რომ უკრაინაში მოვლენების დაწყების შემდეგ შეხვდა აშშ-ის ელჩს და ასევე ის, რომ გარკვეული ძალები საქართველოს ომში ჩართვას ცდილობენ.

„მან პასუხი გასცა არა მხოლოდ იმ კითხვას, შედგა თუ არა შეხვედრა კელი დეგნანსა და ბატონ ივანიშვილს შორის, არამედ პასუხი გასცა მთავარ კითხვას, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, რომ ქვეყანა რეალურად იდგა ომში ჩართვის რისკის წინაშე“, – განუცხადა ხუნდაძემ ჟურნალისტებს.

მისი თქმით, საზოგადოებას კიდევ დარჩა კითხვები ივანიშვილთან, კერძოდ, რაზე ელაპარაკა ის აშშ-ის ელჩს სამი საათის განმავლობაში.
„ამ კითხვების შემდეგ გვიჩნდება კიდევ დამატებით ერთი კითხვა: ბატონი ბიძინა ივანიშვილი რომ დათანხმებოდა იმაზე, რასაც მას სთხოვდნენ, მაშინ არ იქნებოდა ის ოლიგარქი? არ იქნებოდა საჭირო ალტერნატიული ტექნიკური მთავრობის შექმნა? არ იქნებოდა საჭირო ქუჩის სცენის ასე აქტიურად განვითარება?“ – აღნიშნა ხუნდაძემ.
ხუნდაძის თქმით, ქვეყნის ომში ჩართვის რისკები მცირდება, მაგრამ მაინც არსებობს, ამიტომ აუცილებელია მოქმედება და მთავარი როლი აქ საზოგადოებას ეკუთვნის, რომელიც გააკეთებს თავის არჩევანს მხოლოდ სიმართლეზე დაყრდნობით.
მნიშვნელოვანი მომენტები
როგორც საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილის წერილში ბევრი მნიშვნელოვანი მომენტია.
„ბიძინა ივანიშვილი მის მიმართ დასმულ კითხვას პასუხს პირდაპირ სცემს. ასევე საუბრობს რეგიონის წინაშე არსებული უსაფრთხოების გამოწვევებსა და ომის საფრთხეზეც, რომლის წინაშეც უკრაინაში შეჭრის შემდეგ საქართველოც აღმოჩნდა. როცა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში იყო, პრიორიტეტულ საკითხად სვამდა ამერიკასთან და ევროკავშირთან პარტნიორულ ურთიერთობებს“, – განაცხადა თალაკვაძემ.
ივანიშვილი: საქართველოს ომში ჩათრევას ჯერ კიდევ ცდილობენ>>
თალაკვაძის თქმით, საერთაშორისოდ აღიარებული ფაქტია, რომ უკრაინის მოვლენების დაწყების შემდეგ გაიზარდა აგრესიის რისკი საქართველოს წინააღმდეგ და მუქარები. გარდა ამისა, როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ – „ომის პარტია“ სხვადასხვა არხით სხვადასხვა დროს საქართველოს ომში ჩაბმას მოითხოვდა.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, ივანიშვილის განცხადება ძალზე მნიშვნელოვან ინფორმაციას, გზავნილებს შეიცავს.

„ბევრი რამ არის ნათქვამი ამ წერილით, ბევრი რამ იკითხება ამ წერილიდან. მათ შორის ქვეტექსტებიც ძალიან მკაფიოა. ჩვენ გაგვიჭირდება სიღრმეში შესვლა, ზედმეტად კომენტირება. საზოგადოება თავად წაიკითხავს და გამოიტანს დასკვნებს ამ წერილიდან“, – განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება ივანიშვილის მხრიდან დადასტურებას, რომ ის შეხვდა ამერიკის ელჩს კელი დეგნანს, კობახიძის თქმით, მას შეიძლება რაღაც ლოგიკური დასკვნები ჰქონდეს ამ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა ამაზე საჯაროდ ლაპარაკისგან თავს შეიკავებს.
„გვირჩევნია სიღრმეში არ შევიდეთ და საზოგადოებამ თავად გამოიტანოს დასკვნები იმ მკაფიო გზავნილებიდან, რომლებიც ჩამოყალიბებულია ამ წერილში“, – განაცხადა კობახიძემ.
სამნი „ოცნებიდან“
დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი და სოზარ სუბარი – „ქართული ოცნების“ ყოფილი სამი წევრია, რომლებმაც პარტიის, საპარლამენტო უმრავლესობისა და თანამდებობების დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს.
სამმა დეპუტატმა პარტიიდან წავლის მიზეზად დაასახელა ის, რომ მათ საზოგადოებისთვის მეტი ინფორმაციის მიწოდება სურდათ მიმდინარე მოვლენებზე.
ივანიშვილი: შეხვედრა აშშ-ის ელჩის თხოვნით შედგა
მათ არაერთხელ მიმართეს „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს თხოვნით, რომ მას დაერღვია დუმილი და ეპასუხა საზოგადოებისთვის საინტერესო კითხვებზე.
დეპუტატები ასევე გამოირჩეოდნენ საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის კრიტიკით. მიხეილ ყაველაშვილი პირველი იყო, რომელმაც გაავრცელა ინფორმაცია ივანიშვილის დეგნანთან შეხვედრის შესახებ, რომელიც უკრაინის მოვლენების დაწყებიდან მალევე გაიმართა, მისი აზრით, ივანიშვილისგან „რაღაცას მოითხოვდნენ“.