საქართველოს ეროვნული ბანკი სანქციების დაცვას მკაცრად აკონტროლებს

მასშტაბური საერთაშორისო ფინანსური სანქციების პირობებში გაიზარდა რისკები როგორც რეგიონში, ისე საერთაშორისო დონეზე, განაცხადა ბანკის პრეზიდენტმა.
Sputnik
თბილისი, 27 ივლისი – Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის „გათეთრების“ წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტში მუშაობს სპეციალური განყოფილება, რომელიც სანქციების შესრულებას აკონტროლებს, განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ პარლამენტში.
საქართველოს საბანკო სისტემა რუსული ბანკების წინააღმდეგ ფინანსურ სანქციებს მათი დაწესებისთანავე შეუერთდა. საქართველოში არ მუშაობს რუსული ბანკების ბარათები და გადარიცხვებზე მკაცრი სისტემა მოქმედებს.
„პირველი ივლისიდან ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტში ჩვენ შევქმენით ახალი განყოფილება, რომელსაც ეწოდება „სანქციების მონიტორინგის განყოფილება“. დღესდღეობით ხუთი ადამიანი მუშაობს ამ განყოფილებაში, რაც ნიშნავს იმას, რომ ძალიან სერიოზულად ვეკიდებით ამას“, – განაცხადა გვენეტაძემ.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ ახალი განყოფილება იძლევა საშუალებას, რომ არ მოხდეს ქვეყანაში მოქმედი სანქციებისთვის თავის არიდება.
ამავე დროს გვენეტაძემ აღნიშნა, რომ საქართველოს საბანკო სისტემამ კარგად იმუშავა სანქციების გამო რისკების არიდების მხრივ.
„ჩვენ დაუყოვნებლივ მივიღეთ ზომები სანქცირებულ ბანკთან დაკავშირებით, რამაც ასევე გააკეთა მიტიგაცია იმის, რომ სანქციების ნაწილი ამ მიმართულებით ჩვენზე არ გადმოსულიყო და საკმაოდ აქტიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით“, – განაცხადა გვენეტაძემ.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მასშტაბური საერთაშორისო ფინანსური სანქციების პირობებში გაიზარდა რისკები როგორც რეგიონში, ისე საერთაშორისო დონეზე. რისკების შემცირების მიზნით საქართველოს კომერციულმა ბანკებმა ევროპულ და ამერიკულ საფინანსო ინსტიტუტებთან ურთიერთობები დაამყარეს.
ეროვნული ბანკი: ფართომასშტაბიანი ფინანსური სანქციების პირობებში რეგიონში რისკები გაიზარდა>>
შუამავალი ბანკებისთვის დადგენილი პრაქტიკაა ცალკეული ტრანზაქციების შემოწმება და დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაციის მოთხოვნა, რათა შუამავალმა ბანკებმა უზრუნველყონ კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების უზრუნველყოფა. ამის გამო შუამავალი ბანკები მეტ რესურსსა და დროს ხარჯავენ ცალკეული გარიგების შესამოწმებლად, რაც სრულიად ბუნებრივი და კანონიერია რისკების ადეკვატური მართვის უზრუნველსაყოფად.
ამავდროულად, გვენეტაძემ აღნიშნა, რომ რუსეთიდან საქართველოში თანხის შემოსვლა გრძელდება.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, რთული სათქმელია, ამ ფულს იქ მცხოვრები ქართველები აგზავნიან, თუ ის მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში გარკვეული პერიოდით ჩამოვიდნენ. ასევე რთული სათქმელია, რამდენი ხნით დარჩებიან ისინი ან რამდენი ხნით გადმორიცხავენ იქიდან ფულს ქართველები, ამიტომ ჩვენი მიდგომაა, აღვიქვათ გადმორიცხვები, როგორც ერთჯერადი შემოსავალი, და ეს უფრო დაცულს გვხდის, აღნიშნა გვენეტაძემ.
მისი თქმით, ეროვნული ბანკი გადარიცხვებს ფრთხილად ეკიდება.
ფულადი გზავნილები საქართველოში - ბოლო ექვსი თვის სტატისტიკა>>
მისი თქმით, რა თქმა უნდა, ამან გავლენა მოახდინა ლარის გაცვლით კურსზე და ეკონომიკურ აქტიურობაზე, მაგრამ მიდგომა ფრთხილი დარჩება.
საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით განხორციელებული ფულადი გზავნილების მოცულობა 2022 წლის იანვარ-ივნისში წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 65%-ით გაიზარდა და 1.786,5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში რუსეთიდან საქართველოში გადმორიცხული თანხის მოცულობამ 749,6 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადარიცხვების 42%-ია.