„ამ საქმემ გამიყვანა ბედნიერ სამყაროში“ - ყველა ასაკზე გათვლილი მხიარული ნაკეთობები

ისინი ყველა ასაკის იმ პოზიტიური ადამიანებისთვისაა, ვისაც ხელით ნამუშევარი ესთეტიკური ნივთები უყვარს – ამბობს საკუთარ ხელნაკეთ თოჯინებზე ხატია ნაყოფია, რომელმაც თავის დროზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტი დაამთავრა.
Sputnik
წლების მერე ახალი გატაცება გაუჩნდა. მისი თოჯინური ნამუშევრები მსგავსი ნაწარმისგან განსხვავებულია.
ხატია ნაყოფიას ხელნაკეთი თოჯინები
- ხატია, როგორ დაიწყო თოჯინებით თქვენი გატაცება?
- როცა ინტერნეტში ვნახე ხელნაკეთი ტექსტილის თოჯინა, რატომღაც დამაინტერესა. დიდხანს ვაკვირდებოდი და ვფიქრობდი, რომ მსგავსი რამის გაკეთება მეც შემეძლო. მანამდე თექაზე ვმუშაობდი და ჩანთებს ვამზადებდი. ასე რომ, ხელნაკეთი ნივთების შექმნის მცდელობაც და გამოცდილებაც უკვე მქონდა.
ხატია ნაყოფიას ხელნაკეთი თოჯინა
- ძირითადად ვინ ინტერესდება თქვენი ნამუშევრებით?
- ჩემი თოჯინებით ოთხი წლის ასაკიდან ზემოთ ბავშვებიც ითამაშებენ და მათი საშუალებით ბინის ინტერიერის გახალისება-გალამაზებაც შეიძლება. ამიტომ ისინი ყველა ასაკის ადამიანებისთვისაა, ვისაც ხელით ნამუშევარი ესთეტიკური ნივთები უყვარს. ამ საქმემ მე გამიყვანა ბედნიერ სამყაროში, სადაც ჩემს ფანტაზიებს თავი მოვუყარე. მან ულამაზესი შემოქმედებისკენ მიმავალი გზა დამანახა.
ხატია ნაყოფიას ხელნაკეთი თოჯინა
- დროთა განმავლობაში რა სახეცვლილება განიცადა თქვენმა თოჯინებმა?
- თავიდან არ იყო ადვილი სრულყოფილი ნამუშევარი დამედო, ჩემს პირველ თოჯინას ცხვირ-პირი არ ჰქონდა. დღეს უკვე შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი თოჯინები პრემიუმ-კლასის არიან, რადგან მათ ნატურალური მასალით ვაკეთებ და ისინი ეკოლოგიურად სუფთა ნაწარმია. სხვათა შორის, ჩემი ნამუშევრებიდან ზოგიერთი ადამიანის პროტოტიპიც არის.
ხატია ნაყოფიას ხელნაკეთი თოჯინა
- რა მასალებს იყენებთ მათ დასამზადებლად?
- სამუშაო მასალად ვიყენებ ქსოვილს, რომელსაც ვუტარებ დაგრუნტვას, რის შემდეგაც ქსოვილი ისეთივე მყარი ხდება, როგორც პლასტმასი. თოჯინების ტანსაცმელს შერეული ქსოვილით ვკერავ. თავდაპირველად ხელოვნურ თმას ვიყენებდი, ახლა მხოლოდ ნატურალურ თმას ვიყენებ, ისეთს, როგორიცაა თხის ბეწვი, რომელიც ძალიან ნაზია.
ხატია ნაყოფიას ხელნაკეთი თოჯინა
- პროტოტიპებს ხშირად აკეთებთ ხოლმე?
- ზოგადად, პროტოტიპებს იშვიათად ვაკეთებ. არ მიყვარს, როცა შეზღუდული ვარ, მაგრამ თუ დამკვეთს უნდა, რომ თოჯინა მას ან მის შვილს ჰგავდეს, მის თხოვნას აუცილებლად ვითვალისწინებ. თუ დააკვირდებით, ჩემი თოჯინები უფრო ანიმაციურ-თოჯინური ფილმების პერსონაჟებს ჰგვანან. სხვათა შორის, ერთხელ, როცა დამკვეთს შევხვდი და მას ნამუშევარი გადავეცი, ჩემი შვილიც თან მყავდა. როცა მას შეხედა, ღიმილით მითხრა, ეს თოჯინები თქვენს შვილს ჰგვანანო.
ხატია ნაყოფიას ხელნაკეთი თოჯინა
- ამ საქმემ ახალი გამოწვევების წინაშე დაგაყენათ?
- დიახ, ამ საქმემ ახალი გამოწვევების წინაშე დამაყენა და იმის საშუალება მომცა, რომ დამენახა სამყარო, სადაც შემიძლია სულიერი სიმშვიდე მოვიპოვო. თითოეულ თოჯინაზე მუშაობის დროს დადებითი ემოციებითა და განცდებით ვივსები...
ნინო მამულაშვილი