წარმატებული მუსიკოსი გერმანიაში და ქართული შეხვედრების მონატრებით ჩაწერილი სიმღერები

მუსიკასთან ურთიერთობა ხალხური შემოქმედებით დაიწყო. ბოლოს არჩევანი ისეთ რთულ ჟანრზე შეაჩერა, როგორიც ჯაზია.
Sputnik
სკოლაში სწავლის დროს გაცვლითი პროგრამით შვეიცარიაში ისწავლა, თან ერლენბახის ახალგაზრდულ ორკესტრში კლარნეტზე უკრავდა. წლების შემდეგ მიუნხენის კონსერვატორიაში ჩააბარა, მოიპოვა პრესტიჟული სტიპენდია. ურთიერთობდა ცნობილ ქართველ მუსიკოსებთან. ჰქონდა პრემია „გრემის“ მფლობელთან ერთად სიმღერის ბედნიერებაც. გაიცანით – გერმანიაში მცხოვრები ნიჭიერი მუსიკოსი ბექა ბუჩუკური.
სცენაზე
- ბექა, რამდენად საინტერესო მუსიკალური ცხოვრება გაქვთ უცხოეთში?
- მართალია, ძალიან დატვირთული, მაგრამ მართლა საინტერესო ცხოვრება მაქვს. მარტო ის რად ღირს, რომ ბედნიერება მქონდა პრემია „გრემის“ მფლობელთან პატი ოსტინთან (Patti Austin) ერთად მემღერა. მოვიპოვე New York Voices-ის სტიპენდია და ვმონაწილეობდი მათი ერთკვირიანი საგრანტო პროექტის ფარგლებში ჩატარებულ ვორქშოპებსა და კონცერტებში.
ბექა ბუჩუკური სცენაზე მაია ბარათაშვილთან, ზაზა მარჯანიშვილთან და ზაზა მიმინოშვილთან ერთად
- მიუნხენის კონსერვატორიაში ჯაზ-ვოკალის სპეციალობით სწავლის პარალელურად არაერთი საინტერესო მუსიკალური პროექტის ინიციატორი და მონაწილე იყავით...
- მიუნხენში სწავლის პარალელურად მსოფლიო მუსიკას შტუტგარტში, ცნობილი ქართველი მუსიკოსის ზაზა მიმინოშვილის მიერ დაარსებულ Ziryab აკადემიაში ვეუფლებოდი. როგორც გითხარით, New York Voices-ის სტიპენდიით საგრანტო პროექტის ფარგლებში ჩატარებული ვორკშოპებისა და კონცერტების მონაწილე ვარ.
მგალობელ მომღერალთა ჯგუფი "ადილეი"
- თქვენი სურვილები და ოცნება თავიდანვე მუსიკასთან, ქართულ ფოლკლორთან იყო დაკავშირებული?
- მართლაც ასე იყო, ვმღეროდი ცნობილ ანსამბლებში „მართვე“ და „ერისიონი“. თუმცა მერე რაღაც დრო დამჭირდა იმისთვის, რომ გავრკვეულიყავი, ზუსტად რა მინდოდა. მეთერთმეტე კლასში გაცვლითი პროგრამით ვსწავლობდი შვეიცარიაში და პარალელურად ერლენბახის ახალგაზრდულ ორკესტრში კლარნეტზე ვუკრავდი.
- თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტზე სწავლის პარალელურად სად მღეროდით?
- იურიდიულზე სწავლის დროს უნივერსიტეტის კაპელაში ვმღეროდი. სწორედ სტუდენტობის პერიოდში მეგობრებთან ერთად ჩამოვაყალიბეთ გუნდი „ადილეი“, რომლის წევრიც დღემდე ვარ. „ადილეისთან“ ერთად გვქონდა კონცერტები და ვორქშოპები გერმანიაში, ამერიკაში, საფრანგეთში, იტალიაში და, რა თქმა უნდა, საქართველოში.
ბექა ბუჩუკური ჰამბურგში, ქართული სიმღერის ვორკშოპზე
- გერმანიაში როდის ჩახვედით სწავლის გასაგრძელებლად?
- გერმანიაში უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ წავედი. ჩემი ერთადერთი მიზანი მიუნხენის კონსერვატორიაში ჯაზ-ვოკალის ფაკულტეტზე ჩაბარება იყო. ორი წელი ჯერ ოჯახში, ბავშვებთან და შემდეგ სოციალური პროგრამით ვიმუშავე. ძალიან დატვირთული სამუშაო გრაფიკი მქონდა, მაგრამ მომზადებას მაინც ვახერხებდი. ამასთან, შტუტგარტში ვისწავლე ზაზა მიმინოშვილის მიერ დაარსებულ აკადემიაში, სადაც მნიშვნელოვანი პრაქტიკული ცოდნა მივიღე. ვმონაწილეობდი არაერთ საინტერესო პროექტში, რომელიც Ziryab-ის აკადემიამ ევროპასა და საქართველოში განახორციელა. მაგალითად, ასეთი იყო აკადემიის ანსამბლის მიერ ჩატარებული კონცერტი ქალაქ ჰაილბრონის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად.
ზაზა მიმინოშვილის აკადემიაში
- საქართველოში ცნობილ მუსიკოსებთან მოგიწიათ ურთიერთობა...
- ჩემთვის დიდი პატივი და გამოცდილება იყო თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის სცენაზე მაია ბარათაშვილის საიუბილეო კონცერტზე გამოსვლა. არასოდეს დამავიწყდება, როდესაც კონცერტის შემდეგ ვარსკვლავის გახსნაზე მაია ბარათაშვილთან, ზაზა მიმინოშვილთან, ზაზა მარჯანიშვილთან და ჯგუფ „ირიაოსთან“ ერთად ვიმღერე... ჯაზი უფრო ფართო მცნებაა, ვიდრე კონკრეტულად ერთი მუსიკალური მიმართულება. ჯაზი არის აზროვნება, იმპროვიზაცია, რაც, რაღაც წილად, ყველა ჟანრის მუსიკაშია. მე ეს აზროვნება თავდაპირველად გურულ პოლიფონიაში აღმოვაჩინე.
- საქართველოდან რა გენატრებათ?
- გერმანიაში ძალიან მენატრება ხოლმე ქართული იუმორი, ისეთი, სხვაგან რომ არ არსებობს. კიდევ – მეგობრები, ახლობლები, თბილი შეხვედრები მენატრება, ზოგადად, საქართველო მენატრება. მახსოვს ჯანსუღ კახიძის სიმღერა „წარსულმა სულ თან წაიღო“ ოთხ ხმაში ჩავწერე. ფორმატი განსხვავებული იყო სხვა ვიდეოებთან შედარებით და ეს იდეაც ალბათ იმ მონატრებული ქართული თბილი შეხვედრების შედეგი იყო...
ნინო მამულაშვილი