თბილისი, 25 ივლისი – Sputnik. გორის რაიონულმა სასამართლომ გორის რაიონის სოფელ კარბის მცხოვრებს, რომელიც თანასოფლელის მკვლელობაშია ბრალდებული, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
შემთხვევა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარბში რამდენიმე დღის წინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარს წინ მეზობლებს შორის ყოფით ნიადაგზე დაწყებული კამათი უძღოდა.
კონფლიქტი სარწყავ არხს უკავშირდებოდა. 68 წლის ქალმა 30 წლამდე მამაკაცს ბლაგვი საგნით თავის არეში მძიმე დაზიანებები მიაყენა. დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
მოსამართლე გოგა კუპრეიშვილი სრულად დაეთანხმა პროკურატურის შუამდგომლობას და ქალი პატიმრობაში დატოვა. დაცვის მხარე თავის მხრივ ბრალდებულის 2.000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.
ქალს ბრალად ედება „სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მიყენება, რამაც გამოიწვია სიკვდილი“. მას ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება.
დაკავებული წაყენებულ ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.
თავის მხრივ, გარდაცვლილის ოჯახი ბრალდებულის მიმართ უმკაცრესი ზომების მიღებას და დანაშაულში მყოფი სხვა პირების გამოვლენასაც ითხოვს.
„სანამ ჩემს შვილს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს, მანამდე ხუთმა კაცმა სცემა, ხელი არ გაუშვეს, ამ ქალის შვილმა დაიწყო ჩხუბი, ის იყო პირველი, ვინც ჩემს შვილს სცემა, სად არის? რატომ მიმალეს, მანაც უნდა აგოს პასუხი“, – ამბობს გარდაცვლილის მამა ბიჭიკო გვიმრაძე.
გარდაცვლილის ოჯახის ინფორმაციით, ბრალდებულის ვაჟმა სოფელი დატოვა და მიმალვაში იმყოფება.