თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. საქართველო იცავს წესებს და სანქცირებულ ნავთობპროდუქტებს არ ყიდულობს, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებების საპასუხოდ.
დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში არსებულ კომპანიებს Wissol Group-ს, Aragvi Impex-ს და Lukoil-ს ქვეყანაში სანქცირებული ნავთობპროდუქტები შემოაქვთ. დეპუტატის თქმით, ამ დროისათვის საქართველოში რუსეთი ნომერ პირველი ნავთობ-იმპორტიორია, მაშინ როცა არსებობს ალტერნატიული ბაზრები – რუმინეთის, ბულგარეთის, თურქმენეთის, აზერბაიჯანის.
„კონკრეტულად ამ კომპანიების მიერ შეძენილი ნავთობი სანქცირებული არ არის. ასეთივე ნავთობს ევროპის და საერთაშორისო თანამეგობრობის ბევრი ქვეყანა ყიდულობს“, – განაცხადა დავითაშვილმა ბრიფინგზე.
მისი თქმით, საქართველოში კერძო კომერციული კომპანიები გადაწყვეტილებას არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით იღებენ.
„მინდა ხაზგასმით და სრული პასუხისმგებლობით აღვნიშნო, რომ საქართველო სანქცირებულ ნავთობს არ ყიდულობს. საქართველო სანქციებს იცავს მაქსიმალური პასუხისმგებლობით, ამ კუთხით არცერთი შენიშვნა საქართველოს მიმართ არ არსებობს“, – განაცხადა დავითაშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შემდეგ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების ექსპერტებმა საქართველოს სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს, მათ შორის, საბაჟო სტრუქტურების თანამშრომლებს განუმარტეს, თუ როგორ უნდა მოხდეს სანქციების დაცვა.