ქობულეთში ახალი ბულვარი გაიხსნა

ახალ ბულვარში აშენდა ადაპტირებული სანიტარული კვანძები, ძველ ბულვართან დასაკავშირებლად კი საფეხმავლო ხიდი აიგო
Sputnik
თბილისი, 24 ივლისი - Sputnik. ქობულეთში ახალი ერთ კილომეტრამდე სიგრძის ბულვარის რეაბილიტაცია-კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა.
პროექტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში განხორციელდა.
ქობულეთის ახალი ბულვარი დღეს ოფიციალურად გახსნეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ და აჭარის მთავრობის ხელმძღვანელმა თორნიკე რიჟვაძემ.
როგორც ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა, ქობულეთის ახალი ბულვარი ყველა ასაკისა და ინტერესის ადამიანზეა მორგებული.
„ეს არის ახალი სივრცე... სივრცემ შექმნა ახალი შესაძლებლობა, რომელიც ხელსაყრელ პირობებს ქმნის როგორც მოსახლეობისთვის, ისე ქობულეთის სტუმრებისთვის. საინტერესო სივრცე კიდევ ერთი მიზიდულობის წერტილია“, - განაცხადა ქარსელაძემ.
ახალი ბულვარის გახსნა ქობულეთელებს თორნიკე რიჟვაძემაც მიულოცა.
„დარწმუნებული ვარ, რომ ეს ადგილობრივი მოსახლეობისა და ტურისტებისთვის გახდება ერთ-ერთი საყვარელი ადგილი. მუნიციპალიტეტის ეკონომიკისთვისაც მნიშვნელოვანია ეს ახალი ობიექტი, ვინაიდან ის გაუხსნის ახალ შესაძლებლობებს ბიზნესს“, - განაცხადა რიჟვაძემ.
პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, ქობულეთში სანაპირო ზოლის რეაბილიტაციისა და კეთილმოწყობის სამუშაოები 2021 წლის ზაფხულში დაიწყო. სამუშაოების ღირებულებამ 8,1 მლნ ლარი შეადგინა.
პროექტის მიხედვით, მდინარე აჭყვადან მდინარე კინტრიშამდე მდებარე 1 კმ-მდე სიგრძის სანაპირო ზოლზე მოეწყო ბულვარი. ბულვარის მთელ სიგრძეზე აშენდა გამყოფი კედელი, 2,5 მეტრის სიგანის ველობილიკი და 4 მეტრის სიგანის საფეხმავლო ბილიკი.
საფეხმავლო ბილიკის მიმდებარედ მოეწყო რეკრეაციული და კომერციული ზონები. საბავშვო-გასართობ სივრცეებში დაიდგა ატრაქციონები, ხოლო სპორტულ ზონაში მოეწყო ქვიშის ფრენბურთისა და ქვიშის ფეხბურთის მოედნები.