ავტომობილის მძღოლების საყურადღებოდ: საქართველოში დრიფტი დასჯადი ხდება

დიდი ქალაქების მოსახლეობა არაერთხელ უჩიოდა დრიფტით გატაცებულ მძღოლებს, რომლებიც ხალხს ღამით არ აძინებენ.
Sputnik
თბილისი, 23 ივლისი – Sputnik. საქართველოს ქუჩებში „დრიფტი“ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა გახდება, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტში.
თბილისისა და სხვა დიდი ქალაქების მოსახლეობა არაერთხელ უჩიოდა დრიფტით გატაცებულ მძღოლებს, რომლებიც ხალხს ღამით არ აძინებენ. ამის შესახებ ხშირად წერდნენ სოციალური ქსელის მომხმარებლებიც.
შსს-ს იერ მომზადებული კანონპროექტით, ე.წ. დრიფტი, რაც გულისხმობს ავტომობილის განზრახ მოცურებას/მოსრიალებას ან/და მოცურებით წრიული ბრუნვის განხორციელებას, გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით. გარდა ამისა, დრიფტი გამოიწვევს მართვის მოწმობაზე მინიჭებული ქულების 30 ქულით შემცირებას.
დრიფტი
ხოლო თუ დრიფტმა ზიანი გამოიწვია, აღნიშნული გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობაზე მინიჭებული ქულების 35 ქულით შემცირებას.
ქვეყანაში მოქმედებს ქულების სისტემა - მართვის მოწმობაზე დარიცხულია 100 ქულა, რომელიც დარღვევების შესაბამისად მცირდება. ლიმიტის ამოწურვისთანავე მძღოლს მართვის მოწმობა ჩამოერთმევა.
2022 წლის პირველ კვარტალში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის მართვის უფლებაზე დარიცხული ქულები 74.875-მა მძღოლმა დაკარგა. სრულად ქულები ამოეწურა და მართვის უფლება ჩამოერთვა 6 მძღოლს, ნათქვამია შსს-ს მასალებში.
წყარო - შსს