თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. საქართველოში აშშ-ის საელჩოდან არავის უცდია ზეწოლის მოხდენა სასამართლოზე, განაცხადა დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელმა კელი დეგნანმა იმ ბრალდებებზე საპასუხოდ, რომლებიც მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის სკანდალური განცხადების შემდეგ საელჩოს მისამართით ისმის.
მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ 15 ივლისს განაცხადა, რომ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებლის ნიკა გვარამიას საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოცხადებისთანავე მას შეხვდა აშშ-ის საელჩოს თანამშრომელი კევინ ბურკი, რომელმაც მას განუცხადა, რომ ელჩი დაინტერესდა, რატომ გამოიტანა მან გამამტყუნებელი განაჩენი, განსაკუთრებით იმით, თუ რატომ აირჩია მოსამართლემ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა. ჩხიკვაძემ ეს შეაფასა, როგორ ანგარიშის ჩაბარების მოთხოვნა.
„ძალიან სამწუხაროა იმის მოსმენა, რომ მოსამართლეებზე აქ ზეწოლა ხორციელდება, თუმცა შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ეს ზეწოლა არ მიმდინარეობს აშშ-ის საელჩოს მხრიდან. აშშ-ის საელჩოდან არავინ ცდილობდა გავლენის ან ზეწოლის მოხდენას რომელიმე მოსამართლეზე, ან გავლენის მოხდენას რომელიმე საქმის გადაწყვეტილებაზე“, – განუცხადა დეგნანმა ჟურნალისტებს.
ელჩის თქმით, სამუშაო, რომელსაც საელჩო ასრულებს მოსამართლეებთან, ხაზს უსვამს მკაფიო, მიუკერძოებელი, კანონზე და წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების გამოტანის შესაძლებლობას.
ამასთან მან აღნიშნა, რომ აშშ არ იყენებს გაცვლით პროგრამებს ვინმეს დასასჯელად ან სანქციების დასაწესებლად.
ჩხიკვაძემ ასევე აღნიშნა, რომ კევინ ბურკთან შეხვედრისას მან შეატყობინა, რომ მისი დაგეგმილი გამგზავრება აშშ-ში არასასურველია და ის სიიდან ამოიღეს. ჩხიკვაძე ქართველი მოსამართლეების ექვსკაციანი ჯგუფის შემადგენლობაში მაისში, გვარამიას საქმეზე ვერდიქტის გამოცხადებიდან რამდენიმე დღეში აშშ-ში უნდა გამგზავრებულიყო.
აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ინფორმაცია ბურკისა და ჩხიკვაძის შეხვედრის შესახებ არც უარყო, არც დაადასტურა. მან მხოლოდ ის განაცხადა, რომ აშშ და საქართველო კარგი მეგობრები არიან, უთანხმოების წარმოშობის შემთხვევაში საკითხებს განიხილავენ როგორც პირისპირ საუბრისას, ისე საჯარო გამოსვლების დროს.
მანამდე პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ მოსამართლის განცხადება ძალიან სერიოზულია და იმედი გამოთქვა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო დიპლომატიური არხების გამოყენებით გაერკვევა საკითხში.
უფრო მკვეთრი იყო შეფასებებში მმართველი პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. მან განაცხადა, რომ აშშ-ის ელჩისგან ელოდებოდა გასაგებ განმარტებასა და იმის უარყოფას, რომ ამერიკის საელჩოდან ვიღაცამ თავს უფლება მისცა, ზეწოლა მოეხდინა მოსამართლეზე. თუმცა ეს უარყოფა მას არ მოუსმენია.
ანალოგიური განცხადებები მმართველი პარტიის ბევრმა დეპუტატმა გააკეთა.
ოპოზიციამ ხელისუფლების წარმომადგენლების კომენტარები შეაფასა, როგორც ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორზე - აშშ-ზე თავდასხმა.
ელჩის მისამართით გამოთქმულმა კრიტიკამ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერის ყურადღება მიიპყრო. ნედ პრაისმა განაცხადა, რომ დეზინფორმაცია და პირადი შეტევები ელჩ დეგნანზე და მის გუნდზე არ შეესაბამება იმას, როგორც ურთიერთობენ ერთმანეთთან პარტნიორები.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 16 მაისს ნიკა გვარამია ტელეკომპანია „რუსთავი 2"-სთვის 6,8 მილიონი ლარის ოდენობის ზიანის მიყენების საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში დამნაშავედ ცნო. გვარამიას 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.