თბილისში მშენებლებს საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის მოსაკრებლის გადახდა მოუწევთ

მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მფლობელს ერთ კვადრატულ მეტრ ფართობზე 0,5 ლარის გადახდა მოუწევს, ხოლო ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებარე ობიექტის მფლობელს - 0,1 ლარის
Sputnik
თბილისი, 21 ივლისი – Sputnik. თბილისში სამშენებლო კომპანიებს სამშენებლო ნარჩენების გარდა, საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის მოსაკრებლის გადახდაც მოუწევთ.
დადგენილებაში „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისთვის მოსაკრებლის შემოღების, გადახდის ინსტრუქციისა და დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის, ოპერატორის შერჩევის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ნარჩენების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“ შესაბამისი ცვლილება დედაქალაქის საკრებულომ 16 ივლისს მიიღო.
მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ან მრავალბინიანი საცხოვრებელი ფუნქციის შემცველი მრავალფუნქციური მშენებარე ობიექტის მფლობელს ერთ კვადრატულ მეტრ ფართობზე 0,5 ლარის გადახდა მოუწევს, ხოლო ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებარე ობიექტის მფლობელისთვის ტარიფი 0,1 ლარს შეადგენს.
ახალი მოსაკრებელი ეხება მეწარმეებს, ვისაც მშენებლობის ნებართვები მიმდინარე წლის 1 აპრილიდან აქვთ მიღებული. ადრე მშენებლები „თბილსერვის ჯგუფის“ მომსახურების საფასურს მხოლოდ სამშენებლო ნაგვის გატანისთვის იხდიდნენ.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კომპანიების ნაწილი აღნიშნული გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს.
წყარო - თბილისის საკრებულო