თბილისი, 21 ივლისი – Sputnik. აჭარის დედაქალაქში 23 ივლისს „შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი“ გაიხსნება, განაცხადა ფესტივალის დამფუძნებელმა ელისო ბოლქვაძემ ჟურნალისტებთან.
ბოლქვაძის განცხადებით, ფესტივალის თემატიკა მრავალფეროვანია, მონაწილეობას კი ქართველი და უცხოელი მუსიკოსები მიიღებენ.
მისი ინფორმაციით, ფესტივალის გახსნის კონცერტი საქველმოქმედო იქნება – შემოსული თანხა მთლიანად ომის შედეგად დაზარალებულ უკრაინელ ბავშვებს მოხმარდება. პირველ კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ თავად ელისო ბოლქვაძე და ახალგაზრდა ტალანტები.
წელს ფესტივალის სტუმრები იქნებიან: პიანისტი ტემპეი ნაკამურა, ჩელისტი ალექსანდრე ჰოლშოფი, ფლეიტისტი ჯუზეპე ნოვა, საქსოფონისტი ალექს სებასტიანუტო და სხვები.
ფესტივალის ფარგლებში ბათუმში გაიმართება სხვადასხვა ღონისძიება, მათ შორის, იაპონური ჩაის ცერემონია, ქართული არომატები, მუსიკა და გასტრონომია, ქართული ფოლკლორის საღამო, ამერიკის შეერთებულ შტატებთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებისადმი მიძღვნილი საღამო და სხვ.
ფესტივალი 23 ივლისს გაიხსნება და 31 ივლისამდე გასტანს.
„იუნესკოს მშვიდობის“ არტისტმა ელისო ბოლქვაძემ ფესტივალი 2013 წელს დააარსა. ღონისძიებისთვის ახალი სახელწოდების მინიჭების იდეაც (ადრე ფესტივალის სახელწოდება იყო Batumi Music Fest) ელისო ბოლქვაძეს ეკუთვნის. ე.წ. რებრენდინგი ღონისძიების მნიშვნელობისა და მასშტაბურობის გაფართოების მიზნით ჩატარდა.
ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი მიზანია ახალგაზრდა ქართველი ტალანტების ხელშეწყობა.
ბათუმის „შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალმა" წელს მეხუთედ მოიპოვა იუნესკოს მაღალი პატრონაჟი და ამ თვალსაზრისით ის ერთადერთი კულტურული ღონისძიებაა საქართველოში.