თბილისი, 20 ივლისი – Sputnik. ჯანდაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო, დადგენილი წესის შესაბამისად, ყოველდღიურად აწარმოებს კორონავირუსის ჰოსპიტალიზაციის შემთხვევების მონიტორინგს. არამიზნობრივი ჰოსპიტალიზაციის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში სამედიცინო მომსახურების ხარჯები არ ანაზღაურდება, იუწყება საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა ჰოსპიტალიზაცია და მკურნალობა უფასოა.
როგორც ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოადგილე თენგიზ გენძეხაძე აცხადებს, მონიტორინგის პროცესში შეფასდება ჰოსპიტალიზაციის ობიექტურობა და შედეგი აისახება ანაზღაურებაზე.
„ის შემთხვევები, რომლებიც არ ექვემდებარებოდა ჰოსპიტალიზაციას, ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში არ ანაზღაურდება“, – განაცხადა თენგიზ გენძეხაძემ.
საქართველო კორონავირუსის მორიგი, მეშვიდე ტალღისთვის ემზადება. შემთხვევების რაოდენობა ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა. ჯერ კიდევ ივნისში კვირაში ფიქსირდებოდა 500-600 ახალი შემთხვევა, ხოლო გასულ კვირაში 7.812 შემთხვევა გამოვლინდა.
მიუხედავად კორონავირუსის მომატებული შემთხვევებისა, კლინიკებზე დატვირთვა არ გაზრდილა იმის გათვალისწინებით, რომ „ომიკრონის“ ახალი შტამი არის მსუბუქი და მოქალაქეების უმეტესობა არ საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას.
„ომიკრონის“ ახალი ქვეტიპი
В.А.5 – აღნიშნული ქვეტიპით შეიძლება დაინფიცირდნენ როგორც ვაქცინირებული, ისე კოვიდ-გადატანილი პირები.
სპეციალისტების განცხადებით, ინფექციის სწრაფ გავრცელებას ხელს უწყობს კორონავირუსთან დაკავშირებით შეზღუდვების არარსებობა, მათ შორის ნიღბის ტარების რეჟიმის გაუქმება.
ეპიდემიოლოგების აზრით, ქვეყანა ვირუსის გავრცელების მორიგ ფაზაში ოქტომბერში შევა.
კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში დაფიქსირებულია ინფიცირების 1.675.965 შემთხვევა. ვირუსი დაამარცხა 1.650.681-მა პირმა, გარდაიცვალა 16.854.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.