საკამათო საკითხებს განვიხილავთ პირადად და საჯაროდ - კელი დეგნანი მოსამართლის განცხადებაზე

აშშ-ის ელჩი მიიჩნევს, რომ საქართველოში დიდი ხმაური ატყდა იმის ირგვლივ, რაც სინამდვილეში სკანდალი არ არის.
Sputnik
თბილისი, 20 ივლისი – Sputnik. აშშ და საქართველო კარგი მეგობრები არიან, ამიტომ უთანხმოების შემთხვევაში საკითხებს პირისპირ განვიხილავთ, ასევე საჯარო გამოსვლებშიც, განაცხადა აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განცხადების კომენტარისას.
მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ 15 ივლისს განაცხადა, რომ „მთავარი არხის“ დამფუძნებლის ნიკა გვარამიას საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოცხადებისთანავე მას შეხვდა აშშ-ის საელჩოს თანამშრომელი კევინ ბურკი, რომელმაც მას განუცხადა, რომ ელჩი დაინტერესდა, რატომ გამოიტანა მან გამამტყუნებელი განაჩენი, განსაკუთრებით იმით, თუ რატომ აირჩია მოსამართლემ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა. ჩხიკვაძემ ეს შეაფასა, როგორ ანგარიშის ჩაბარების მოთხოვნა.

„საქართველოსთან ჩვენ ხანგრძლივი მეგობრობა გვაკავშირებს და როგორც ძველი, კარგი მეგობრები, ხანდახან არ ვეთანხმებით ერთმანეთს. ჩვენ უნდა შეგვეძლოს საუბარი ჩვენს უთანხმოებაზე და ამას, როგორც წესი, პირისპირ ვაკეთებთ, რაც ყველაზე ეფექტურია“, – განაცხადა დეგნანმა.

მისი თქმით, თუ საკითხი შეშფოთებას იწვევს, საელჩო მაშინ საჯარო განცხადებას აკეთებს.
„ზოგჯერ საჯაროდაც ვსაუბრობთ, თუ ეს საკითხი ჩვენში დიდ შეშფოთებას იწვევს და სწორედ ეს გავაკეთეთ ამ შემთხვევაში. ჩვენ გავავრცელეთ საჯარო განცხადება, რომელიც გამოხატავს აშშ-ის შეშფოთებას დროულობასთან და წარდგენილ ბრალდებებთან დაკავშირებით (გვარამიას საქმეზე)“, – განაცხადა დეგნანმა.
მაშინ შეშფოთება გამოხატეს არა მხოლოდ შტატებმა, არამედ საქართველოს სახალხო დამცველმაც, ზოგიერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ და ქვეყნის საერთაშორისო მეგობრებმა, აღნიშნა ელჩმა.
დაირღვა თუ არა კონფიდენციალობა? მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ ტელევიზიაში ისაუბრა>>
„ეს არ არის ის, რაც ფარულად განხორციელდა, ეს საკმაოდ საჯაროდ მოხდა და საკმაოდ ნორმალური რამ არის. ეს სტანდარტული პრაქტიკაა. ვფიქრობ, ეს ააგორეს, ძალიან ბევრი რამ შექმნეს იმისგან, რაც საერთოდ არ არის სკანდალი“, – განაცხადა დეგნანმა.
ელჩმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ დიდი ხანია ეხმარება საქართველოს სასამართლო სისტემის განვითარებაში, პროფესიონალიზმის, გამჭვირვალობისა და დამოუკიდებლობის ამაღლებაში.
დეგნანის თქმით, ეს მოიცავს მრავალრიცხოვან გაცვლით პროგრამებს ამერიკელ ექსპერტებსა და ქართველ მოსამართლეებს, პროკურორებსა და იურისტებს შორის. ამ პროგრამებში 6 ათასზე მეტმა ქართველმა მიიღო მონაწილეობა.

„ეს არის რუტინული შეხვედრები, რომელიც ყოველთვის ხდება. და თუ ვინმეს სურს, არასწორად დაახასიათოს ისინი, ან იმაზე მეტი მნიშვნელობა მიანიჭოს, ვიდრე აქვს, ეს, ცხადია, მხოლოდ მათი მიზნებისთვისაა“, – განაცხადა დეგნანმა.

ჩხიკვაძემ ასევე გაიხსენა, რომ კევინ ბურკთან შეხვედრისას მან შეატყობინა, რომ მისი დაგეგმილი გამგზავრება აშშ-ში არასასურველია და ის სიიდან ამოიღეს. ჩხიკვაძე ქართველი მოსამართლეების ექვსკაციანი ჯგუფის შემადგენლობაში მაისში, გვარამიას საქმეზე ვერდიქტის გამოცხადებიდან რამდენიმე დღეში აშშ-ში უნდა გამგზავრებულიყო.
მოსამართლის სკანდალური განცხადების შემდეგ აშშ-ის ელჩმა განაცხადა, რომ ნებისმიერი ვარაუდი, რომ აშშ ერევა სასამართლო გადაწყვეტილების მიღების პროცესში, სინამდვილეს არ შეესაბამება.
გვარამიას განაჩენი მტკიცებულებებს ეყრდნობოდა - მოსამართლე>>
თბილისის საქალაქო სასამართლომ 16 მაისს ნიკა გვარამია ტელეკომპანია „რუსთავი 2"-სთვის 6,8 მილიონი ლარის ოდენობის ზიანის მიყენების საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში დამნაშავედ ცნო. გვარამიას 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.
„მთავარი არხის" ჟურნალისტები დარწმუნებული არიან, რომ გადაწყვეტილება პოლიტიკური იყო.
მმართველ პარტიაში არაერთხელ განაცხადეს, რომ გვარამიამ ტელეარხიდან ფულის „ამოქაჩვა" მაშინ დაიწყო, როდესაც მასზე უფლებები ძველმა მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა განაცხადა. ქართული ყველა ინსტანციის სასამართლოებისა და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით "რუსთავი 2" ხალვაშს 2019 წელს დაუბრუნდა.