თბილისი, 19 ივლისი — Sputnik. უზბეკეთში ვიზიტით მყოფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ ტაშკენტში შოთა რუსთაველის სახელობის განახლებული სკვერისა და ძეგლის გახსნის ცერემონიაში მიიღეს მონაწილეობა.
ტაშკენტის ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩა შოთა რუსთაველის სახელს ატარებს. ამავე ქუჩაზე მდებარეობს რუსთაველის ძეგლი და მისივე სახელობის სკვერიც.
უზბეკეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ზურაბ აბდუშელიშვილის ინიციატივითა და ტაშკენტის მერიის ხელშეწყობით შოთა რუსთაველის ძეგლსა და სკვერს სრული რეკონსტრუქცია 2022 წელს ჩაუტარდა.
განახლებული სკვერის გახსნის ცერემონიაში ასევე მონაწილეობა მიიღო ტაშკენტის მერმა ჯახონგირ არტიკხოჯაევმა. ორი ქვეყნის პირველმა პირებმა შოთა რუსთაველის ძეგლი ყვავილებით შეამკეს.
კახა კალაძემ კმაყოფილება გამოთქვა ცნობილი სკულპტორის იაკობ შაპიროს ნამუშევრის - შოთა რუსთაველის ძეგლისა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციის გამო.
ტაშკენტის მერის განცხადებით, ადგილობრივი ხელისუფლება გეგმავს ქალაქის სიმბოლო – ტრამვაი აღადგინოს, რომელიც სწორედ რუსთაველის ქუჩაზე იმოძრავებს.
თბილისის მერი ტაშკენტში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის ფარგლებში იმყოფება. უზბეკეთში ქართული დელეგაციის ვიზიტი 18 ივლისს დაიწყო.