გახარია VS კობახიძე: პოლიტიკოსების რეაქცია პრემიერის წერილზე ევროკომისიის პრეზიდენტისადმი

ევროკომისია მხარს დაუჭერს საქართველოს, რათა დასრულდეს არაფორმალური მმართველობა ქვეყანაში, მიაჩნია ექს-პრემიერს.
Sputnik
თბილისი, 19 ივლისი – Sputnik. სახელმწიფო დღეს ემსახურება პირად ინტერესებს – ასე შეაფასა ექს-პრემიერმა, ოპოზიციური პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ პრემიერ ღარიბაშვილის წერილი, რომელიც მან ევროკომისიის პრეზიდენტს გაუგზავნა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს წერილი გაუგზავნა, რომელშიც ჩამოთვლილია ევროკომისიის რეზოლუციის ის პუნქტები, რომელსაც იგი არ ეთანხმება. პრემიერ ღარიბაშვილის აზრით, ევროკომისიამ მკაფიო პოზიცია უნდა გამოხატოს იმ უსაფუძვლო ბრალდებების მიმართ, რომლებიც რეზოლუციაშია გამოთქმული.

„პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის წერილი ევროკომისიის პრეზიდენტისადმი არის დასტური იმისა, რომ სახელმწიფო პერსონალურ ინტერესებს ემსახურება“, – დაწერა გახარიამ.

გახარიას თქმით, მას სჯერა, რომ ევროკომისია მხარს დაუჭერს საქართველოს, რათა დასრულდეს არაფორმალური მმართველობა ქვეყანაში.
„მე მჯერა, რომ კომისია გვერდში დაუდგება საქართველოს ინსტიტუციური დემოკრატიის მშენებლობაში, რათა დასრულდეს არაფორმალური მმართველობა და გავხდეთ ევროპული ოჯახის წევრი”, – დაწერა გახარიამ Twitter-ზე.
თავის მხრივ, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ღარიბაშვილის წერილს მნიშვნელოვანს უწოდებს.
გამარჯვება თუ მტკიცებულება: პოლიტიკოსებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის წერილი შეაფასეს >>

„ვფიქრობ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წერილი, რომელიც ევროკომისიის ხელმძღვანელს გაეგზავნა. თქვენ ნახეთ, რომ სპეკულაციებისთვის გამოიყენება როგორც ევროპარლამენტის რეზოლუცია, ასევე ის ჩანაწერი, რომელიც მოხვდა ევროპარლამენტის შეფასებაში დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით. კონკრეტული პოლიტიკური ძალები და მათი ლობისტები ცდილობენ, ეს ჩანაწერი დაუკავშირონ ბიძინა ივანიშვილს“, – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, ხელისუფლებამ მმართველობის სისტემაზე დარტყმის მიყენების საშუალება არავის უნდა მისცეს. სწორედ სახელმწიფო მმართველობის სისტემის პრესტიჟია დასაცავი დღეს და არა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი, აღნიშნა კობახიძემ.
„ბიძინა ივანიშვილს არავის დაცვა არ სჭირდება, მას ეს თვითონ შეუძლია. ჩვენ გვჭირდება სახელმწიფო მმართველობის სისტემის პრესტიჟის დაცვა. როდესაც საუბრობენ არაფორმალურ მმართველობაზე, ოლიგარქიულ მმართველობაზე, ამით ზიანს აყენებენ მმართველობის სისტემას, რომელიც საქართველოში მოქმედებს“, – აღნიშნა კობახიძემ.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ ამგვარ რეზოლუციას „ჩალის ფასი აქვს“, რადგან ის „უსამართლოა“. მისი აზრით, არ შეიძლება ერთი მხრივ მოითხოვო ტელეკომპანია „მთავარის“ გენდირექტორ ნიკა გვარამიას და ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, ხოლო მეორე მხრივ – ბიძინა ივანიშვილის დასჯა.

„რეზოლუციას ჩვენთვის ჩალის ფასი აქვს ერთი მარტივი მიზეზის გამო, მიზეზი არის ის, რომ ეს რეზოლუცია უსამართლოა. როდესაც რეზოლუცია საუბრობს, რომ უნდა გათავისუფლდნენ გვარამია და სააკაშვილი და დაისაჯოს ივანიშვილი, ჩალის ფასი ექნება ამ დოკუმენტს“, – განაცხადა კობახიძემ.

„არ ვეთანხმები" - პრემიერმა ევროკომისიის პრეზიდენტს წერილი გაუგზავნა >>
ევროკავშირის საბჭომ ივნისში გადაწყვიტა აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატის სტატუსი, როგორც კი დასახული პრიორიტეტები, კერძოდ, 12 პირობა შესრულდება.
მანამდე, 9 ივნისს ევროპარლამენტმა საქართველოსთან მიმართებით კრიტიკული რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტში საუბარია ბოლო წლებში საქართველოში მედიაგარემოს გაუარესებასა და სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებზე. რეზოლუციაში ასევე ნახსენები იყო ქართველი მილიარდერი, მართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი.