Credit Suisse ივანიშვილისთვის პრობლემების შექმნით საკუთარ თავს აზიანებს: კობახიძე

ივანიშვილი უჩივის როგორც უშუალოდ Credit Suisse-ს, ისე ამ ბანკის მიერ დაფუძნებულ სატრასტო ფონდ Green Vals Trust-ს.
Sputnik
თბილისი, 19 ივლისი – Sputnik. შვეიცარიული ბანკი Credit Suisse, რომელიც უარს ამბობს მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, აზიანებს საკუთარ თავს და შვეიცარიის საბანკო სისტემას, განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
ივანიშვილი უჩივის როგორც უშუალოდ Credit Suisse-ს, ისე ამ ბანკის მიერ დაფუძნებულ სატრასტო ფონდ Green Vals Trust-ს. პირველ შემთხვევაში საქმე ეხება თაღლითური ოპერაციების შედეგად მისი სადაზღვევო სქემიდან 400 მილიონი დოლარის გაქრობას, მეორე საქმე ეხება Green Vals Trust-ის უარს – გადაიხადოს ბენეფიციარების მიერ მოთხოვნილი თანხები.
სატრასტო ფონდმა დაგვიანების საბაბად დაასახელა „გეოპოლიტიკური ვითარება აღმოსავლეთ ევროპაში“. რაც შეეხება თავად Credit Suisse-ს, ივანიშვილმა ბერმუდის კუნძულების სასამართლოში მოიგო საქმე ბანკის წინააღმდეგ 500 მლნ დოლარზე, მაგრამ ბანკმა აპელაცია შეიტანა.

„ზოგადად, ძალიან ბევრი უცნაური მოვლენა ვითარდება ჩვენ გარშემო. რეალურად, Credit Suisse-ს არ უნდა აწყობდეს ის, რასაც აკეთებს“, – განუცხადა კობახიძემ ჟურნალისტებს.

პარტიის თავმჯდომარის თქმით, Credit Suisse „უხეში და მძიმე ფორმით პირდაპირ აზიანებს საკუთარ თავს, შვეიცარიის საბანკო სისტემას, შვეიცარიის სახელმწიფოს“.
ამავდროულად მან გაიხსენა ქართული ოპოზიციის ნაწილის დასავლეთისადმი მოწოდებები ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ და ევროპარლამენტის 9 ივნისის მკაცრი რეზოლუცია, რომლის ერთ-ერთი რეკომენდაციაა ინდივიდუალური სანქციების შემოღება ივანიშვილის წინააღმდეგ. რეზოლუციაში საუბარია ივანიშვილის – საქართველოს ერთადერთი ოლიგარქის დესტრუქციულ როლზე, რომელსაც კრემლთან პირადი და საქმიანი კავშირები აქვს.
ივანიშვილის ადვოკატები ბიზნესმენის მიმართ პოლიტიკურ ზეწოლაზე საუბრობენ >>

„ამაზე გვაქვს კითხვები. შეიძლება რაღაც კონკრეტული ინტერესი იყოს ჩვენ მიმართ ან ბიძინა ივანიშვილის მიმართ. ამ საკითხში ჩვენ უფრო ღრმად შეგნებულად არ შევალთ“, – განაცხადა კობახიძემ.

მანამდე ივანიშვილის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ 5 ივლისს ბანკმა ივანიშვილს წერილი გაუგზავნა, რომელშიც საუბარია ევროპარლამენტის რეზოლუციაზე და აღნიშნულია, რომ ამ გადაწყვეტილებით ბანკს გარკვეული ვალდებულებები დაეკისრა და სატრასტო ფონდი სასამართლოს თანხმობის გარეშე თანხის გადახდას არ განახორციელებს.
შვეიცარიულმა მედიამ ივანიშვილის მიმართ Credit Suisse-ის დარღვევები არ გამოაქვეყნა >>
ბიძინა ივანიშვილმა Credit Suisse-ს ხუთი წლის წინ უჩივლა. რუსეთში არსებული საკუთარი აქტივების ორ ეტაპად – 2005 და 2011 წლებში გაყიდვის შემდეგ მან მიღებული თანხა ბანკში განათავსა. საუბარია 755 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის დეპოზიტზე. 2015 წელს ივანიშვილმა აღმოაჩინა, რომ ბანკის მოხელე ლესკოდრონის თაღლითური ოპერაციების შედეგად მისი სადაზღვევო სქემიდან 400 მილიონი დოლარი გაქრა.
ლესკოდრონის წინააღმდეგ თაღლითობის საქმე 2016 წელს გაიხსნა. მოგვიანებით მან აღიარა, რომ სხვა კლიენტების ანგარიშებიდან ფარულად ანაზღაურებდა დანაკარგს, რომელსაც მისი კლიენტები მისივე მცდარი საინვესტიციო გადაწყვეტილებების შედეგად განიცდიდნენ. თავად Credit Suisse ამტკიცებდა, რომ არაფერი იცოდა მენეჯერის მოქმედებების შესახებ.
2018 წელს ლესკოდრონს თაღლითობისთვის 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 2020 წელს მან თავი მოიკლა.