თბილისი, 18 ივლისი – Sputnik. მიმდინარე წლის პირველ ექვს თვეში საქართველოს მიერ საერთაშორისო ვიზიტორებისგან მიღებულმა შემოსავალმა 1,142 მილიარდი დოლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებაში.
კორონავირუსის პანდემიამ უზარმაზარი ზიანი მიაყენა ტურიზმის ინდუსტრიას. ტურიზმის აღდგენა უკვე 2021 წლიდან დაიწყო – ქვეყნის საჰაერო საზღვრები 1 თებერვალს გაიხსნა, ხოლო სახმელეთო საზღვრები – 1 ივნისს.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, შემოსავლები გაიზარდა 281,1%-ით, ხოლო 2019 წელთან შედარებით, როდესაც საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების პიკი იყო, შემოსავლები 78,4%-ით აღდგა.
2022 წლის ივნისში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 301,7 მილიონი დოლარი, რაც 146,3%-ით მეტია გასულ წელთან შედარებით და 11,26%-ით ნაკლებია 2019 წლის ივნისთან შედარებით.
ვინ ხარჯავს ფულს
2022 წლის ხუთ თვეში ყველაზე მეტი თანხა დახარჯეს რუსეთიდან ჩამოსულმა ვიზიტორებმა – 150,4 მილიონი დოლარი.
ამასთან, ივნისში ყველაზე მეტი დახარჯეს რუსეთის (68,3 მლნ დოლარი), ევროკავშირის (30,6 მლნ დოლარი) და თურქეთის მოქალაქეებმა (28,1 მლნ დოლარი).
ვიზიტები საქართველოში
2022 წლის იანვარი–ივნისში საერთაშორისო მოგზაურების რიცხვი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 198,3%-ით გაიზარდა და 1,6 მლნ შეადგინა.
საქართველომ 2022 წლის ექვს თვეში 2019 წლის მაჩვენებლები 42,1%-ით აღადგინა.
ვიზიტების მთლიანი რაოდენობიდან 1,2 მლნ ტურისტული ვიზიტი იყო, რაც 186,3%-ით მეტია 2021 წლის იანვარი–ივნისთან შედარებით. 2019 წელთან შედარებით ნაკადი 56,85%-ით აღდგა.
საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტი 2022 წლის იანვარი–ივნისში თურქეთის მოქალაქეებმა განახორციელეს.
ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი წინა წლებში
2020 წელს საქართველოში ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი მკვეთრად შემცირდა და მხოლოდ 427,7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა (1,7 მლნ საერთაშორისო მოგზაური), მაშინ, როცა პანდემიამდელ 2019 წელს საქართველოში ყველა დროის რეკორდი დაფიქსირდა, როდესაც 9,3 მილიონზე მეტი საერთაშორისო მოგზაური იყო, ხოლო შემოსავალმა 3,3 მილიარდი დოლარი შეადგინა.
2021 წელს ქვეყანამ ტურიზმიდან 1,2 მილიარდი დოლარი მიიღო. 2021 წელს საქართველოში დაახლოებით 1,6 მილიონი ტურისტული ვიზიტი განხორციელდა.