რა ცვლილებას ელოდება საფინანსო ბაზარი, ანუ რა საჭიროა შუა რგოლი?

საფინანსო-საკრედიტო ბაზარზე მალე ახალი მოთამაშე გამოჩნდება. შესაბამისი კანონპროექტი მთავრობამ შეიმუშავა. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ მიკრობანკები უკვე წელს დაიწყებენ მუშაობას. რას ითვალისწინებს საფინანსო სისტემის რეფორმა და რა იქნება ახალი ინსტიტუციის პრიორიტეტი?
Sputnik
საფინანსო სისტემა სიახლის მოლოდინშია. მალე ბაზარზე ოპერირებას ახალი მოთამაშე დაიწყებს. ძველებმა ხომ აგვაშენეს?! − შესაძლოა, მიმანიშნოს მკითხველმა ირონიული ტონით და, კაცმა რომ თქვას, ნაწილობრივ არც გაემტყუნება. რატომ? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა შორს წაგვიყვანს, თანაც სულ სხვაა წინამდებარე სტატიის მიზანი. ერთს კი ვიტყვი, დარწმუნებული ვარ, მკითხველის გულისწყრომა ძირითადად საფინანსო-საკრედიტო ინსტიტუტების სასესხო პოლიტიკის შედეგია. ამ კონტექსტში, რა თქმა უნდა, პირველ რიგში კრედიტების საპროცენტო განაკვეთებს ვგულისხმობ.
როგორ შეიცვალა ფასები? ანუ ბოლო ერთი წლის დინამიკა
არც საბანკო დეპოზიტებზე დარიცხული სარგებელია მომხიბვლელი − ბრძანებთ თქვენ და, სავარაუდოდ, ასეც იქნება. პოლემიკას არ დავიწყებ, მხოლოდ მივანიშნებ, რომ კომერციული საფინანსო-საკრედიტო ინსტიტუტების მიზანიც სწორედ ეს არის, ფული იაფად იყიდოს და რაც შეიძლება ძვირად გაყიდოს. საკამათო არ არის, კომერციული ბანკები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები უკვე წლებია ამ ამოცანას წარმატებით ართმევენ თავს. აქვე შევთანხმდეთ, რომ ბევრი სამართლიანი და ბევრიც უსამართლო კრიტიკის მიუხედავად, ქვეყანაში ჩამოყალიბდა სტაბილური, მდგრადი და, რაც მთავარია, სანდო კომერციული საფინანსო სისტემა, რომელმაც მრავალ გამოწვევას გაუძლო. სიტყვა გამიგრძელდა, დროა სისტემაში მოსალოდნელ სიახლესა და მის შესაძლო შედეგებზე მოგახსენოთ.
გასულ კვირაში აღმასრულებელმა ხელისუფლებამ დაამთავრა მუშაობა კანონპროექტზე, რომელიც საფინანსო-საკრედიტო სისტემაში ახალი მოთამაშის შემოსვლას ითვალისწინებს. მას შემდეგ, რაც მიკრობანკების შესახებ კანონპროექტს ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო დაამტკიცებს, კომერციულ ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს შორის ახალი რგოლი, მიკრობანკი გაჩნდება. საფინანსო ბაზარზე გამოვა კიდევ ერთი მოთამაშე, რომელსაც როგორც დეპოზიტების მიღების, ასევე მილიონ ლარამდე მოცულობის სესხების გაცემის უფლება ექნება.
აღნიშნულ საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ რამდენიმე წლის წინ გაცემული რეკომენდაციების გათვალისწინებით დაიწყო. მაშინ ამ ავტორიტეტული საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ კომერციულ ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს შორის საფინანსო ბაზარზე შუა რგოლის გაჩენა კონკურენციას გაზრდის და საკრედიტო რესურსზე საპროცენტო განაკვეთების შემცირებას შეუწყობს ხელს. მიკრობანკი საქართველოს გამოგონება ნამდვილად არ არის და ის კარგად აპრობირებული მოდელია ევროკავშირის ქვეყნებში, დიდ ბრიტანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.
რას ვარაუდობს ეროვნული ბანკი, ანუ როდემდე გაიზრდება ფასები?
ასე რომ, მალე საფინანსო სისტემის რეფორმის მოწმენი გავხდებით. რა არის რეფორმის მიზანი და განსხვავებულს რას შესთავაზებს ახალი ინსტიტუტი მომხმარებელს? − ლოგიკურია, დაინტერესდეს მკითხველი. მოგახსენებთ, რეფორმა და, კერძოდ, მიკრობანკების ჩამოყალიბება ორიენტირებულია მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებაზე, ფინანსური სერვისების მიწოდებაზე. რეფორმის ადრესატები მიკროსაფინანსო ორგანიზაციები არიან, მათ შეეძლებათ მომხმარებლებს უფრო სრულყოფილი სერვისები მიაწოდონ, მათ შორის: გადახდის სერვისები, მიმდინარე ანგარიშები, მიიღონ დეპოზიტები. საყურადღებოა, რომ რეფორმის შემდეგ სესხების ლიმიტებიც გაეზრდებათ.
რა არის საჭირო მიკრობანკის დაფუძნებისთვის? აუცილებელი კაპიტალის მოცულობა 10 მილიონი ლარია. საყურადღებოა, რომ მიკრობანკის საკრედიტო პორტფელის 70 პროცენტი ბიზნესის ან სოფლის მეურნეობის დასაფინანსებლად გაცემული სესხები უნდა იყოს. თუმცა, მიუხედავად ასეთი ვალდებულებებისა, სესხის გაცემის ლიმიტი 1 მილიონ ლარამდე იზრდება, რაც მიკრობანკებს მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების შესაძლებლობას მისცემს. არც ის გამოგვრჩეს მხედველობიდან, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისგან განსხვავებით, მათ კრედიტის უცხოურ ვალუტაში გაცემის უფლებაც ექნებათ.
რატომ დარჩა უცვლელი რეფინანსირების განაკვეთი?
შემდეგი საკითხი საფინანსო ბაზრის ახალი მოთამაშის საქმიანობის რეგულირებას ეხება. მიკრობანკებს, როგორც საბანკო სფეროს ნაწილს, ზედამხედველობას სრულად ეროვნული ბანკი გაუწევს. თუმცა, მათ შედარებით განსხვავებული რეგულირების ჩარჩო ექნებათ. პირველ რიგში საზედამხედველო კაპიტალის მოცულობას ვგულისხმობ. თუ კომერციული ბანკებისთვის ის 50 მილიონი ლარია, ხოლო მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის − 1 მილიონი ლარი, ამ ახალი საფინანსო-საკრედიტო ინსტიტუციისთვის, როგორც უკვე აღვნიშნე, 10 მილიონი ლარი იქნება. გამარტივებული იქნება სხვადასხვა საზედამხედველო ფუნქციებიც. კანონპროექტით მკაცრად განსაზღვრულია დაფინანსების ძირითადი სეგმენტი, ეს არის მცირე მეწარმეობა და სოფლის მეურნეობა.
საფინანსო სისტემაში სიახლის მოლოდინში არიან განსხვავებული სტატუსის მოპოვების მსურველი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები. ცნობილია, რომ დღეს მოქმედი მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან მიკრობანკის ლიცენზიის მოპოვების სურვილი რამდენიმე ორგანიზაციას აქვს. მათ შორის ერთ-ერთი კომპანიაა „კაპიტალი“. როგორც ამ საფინანსო ინსტიტუტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე არჩილ ბაკურაძე აცხადებს, ბაზარზე მიკრობანკების შემოსვლით უნდა მივიღოთ მინიმუმ ორი ახალი მოთამაშე, რომელიც დროთა განმავლობაში შეძლებს თანაბარი კონკურენციის პირობებში მოემსახუროს ბიზნესს და სოფლის მეურნეობას.
„მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და საბანკო სექტორის მიერ მოზიდულ ფინანსურ სახსრებს შორის განსხვავება მინიმუმ 8 პროცენტია. ფასთა ამგვარი სხვაობით მიკროსაფინანსო ორგანიზაციები მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებაში თანაბრად ვერ მონაწილეობენ. გარდა ამისა, მათ არა აქვთ არასაკრედიტო მომსახურების, როგორიცაა მიმდინარე ანგარიშები, ფულადი გზავნილები და სხვათა შეთავაზების შესაძლებლობა. მიკრობანკების გაჩენით უნდა მივიღოთ ახალი გარემო, რომელიც დროთა განმავლობაში შეძლებს თანაბარი კონკურენციის პირობებში მოემსახუროს ბიზნესს და სოფლის მეურნეობას“, – აღნიშნავს არჩილ ბაკურაძე.
რაში ვხარჯავთ ყველაზე მეტ ფულს?
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლაზიკა კაპიტალის“ გენერალური დირექტორის ბესო შენგელიას შეფასებით, მიკრობანკის სტატუსის მიღება მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს მეტ შესაძლებლობას მისცემს, გარდა ამისა გაზრდის კონკურენციას და ეტაპობრივად საპროცენტო განაკვეთების შემცირებასაც შეუწყობს ხელს.
„შესაძლებლობა გაგვიჩნდება შევქმნათ ახალი პროდუქტები. მაგალითად, საკრედიტო ბარათების სახით, შეზღუდული დოზით დეპოზიტების მიღების შესაძლებლობაც გვექნება. გარდა ამისა, სესხის მოცულობაც იზრდება. საპროცენტო განაკვეთების შემცირებაზეა საუბარი, მაგრამ ეს ასე მარტივი არ იქნება“, − აცხადებს ბესო შენგელია.
გამონაკლისი არც მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „სვის კაპიტალია“. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ეროვნული ბანკის ახალი ინიციატივა მათთვის ძალიან საინტერესოა და ამდენად მიკრობანკად გარდაქმნისთვის ყველა საჭირო ცვლილების განხორციელებას გეგმავენ.
წინამდებარე სტატიაზე მუშაობას ვასრულებდი, როდესაც საინფორმაციო სააგენტოებით შევიტყვე, რომ მიკრობანკად ტრანსფორმირება კომპანია „სვის კაპიტალსაც“ სურს.
და, ბოლოს, როგორია კობა გვენეტაძის უწყების შეფასებითი გზავნილი? ახალი მოთამაშე საფინანსო ბაზარზე კონკურენციის ზრდას შეუწყობს ხელს − ასეთია ეროვნული ბანკის ხედვა. დაველოდოთ, როგორ განვითარდება პროცესები, პარლამენტში განხილვების შემდეგ რა სახეს მიიღებს საფინანსო ბაზრის ახალი სუბიექტი და, რაც მთავარია, უკვე ამოქმედებიდან დროის რა მონაკვეთში გახდება შედეგი ხელშესახები...
სამსონ ხონელი