თბილისი, 14 ივლისი – Sputnik. ბათუმის „დინამო“ ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაში ბრატისლავის „სლოვანთან“ ანგარიშით 1:2 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.
პირველი შეხვედრის მსგავსად, ბათუმში გამართული მატჩის ძირითადი დრო უგოლოდ, ანგარიშით 0:0 დასრულდა და გამარჯვებული დამატებითმა ტაიმებმა გამოავლინა.
აღსანიშნავია, რომ მასპინძლები სრული მატჩის განმავლობაში დომინირებდნენ, „დინამო“ საკუთარ კედლებში აშკარად პირველ ნომრად თამაშობდა.
გია გეგუჩაძის გაწვრთნილი გუნდი პირველ დამატებით ტაიმში, 104-ე წუთზე ზურიკო დავითაშვილის მიერ გატანილი გოლით დაწინაურდა. თუმცა სლოვაკურმა გუნდმა წონასწორობა მეორე დამატებითი ტაიმის 115-ე წუთზე ბარსეგიანის გოლის წყალობით აღადგინა. ბათუმში მათი ზეიმი კი 123-ე წუთზე ვლადიმირ ვაისის ჩახვეული კუთხურით დასრულდა.
„სლოვანის“ ძირითად შემადგენლობაში იყო სამივე ქართველი ლეგიონერი. ჯაბა კანკავამ, გურამ კაშიამ და გიორგი ჩაკვეტაძემ მატჩი პირველივე წუთებიდან დაიწყეს. ბრატისლავის გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ჩაკვეტაძე 62-ე წუთზე გამოცვალა, კაშიამ და კანკავამ კი შეხვედრა სრულად ჩაატარეს.
„სლოვანი“ ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე უნგრულ „ფერენცვაროშს“ შეხვდება, ბათუმის „დინამო“ კი კონფერენს-ლიგაზე გადაინაცვლებს, სადაც პოლონურ „ლეხს“ დაუპირისპირდება. აღსანიშნავია, რომ „ლეხში“ ქართველი ფეხბურთელები ნიკა კვეკვესკირი და გიორგი წიტაიშვილი ირიცხებიან.