თბილისი, 13 ივლისი – Sputnik. ქართველმა მეზღვაურებმა გადაარჩინეს 52 ადამიანი, რომლებიც ატლანტის ოკეანის შუაგულში ხუთბალიანი შტორმის დროს გასაბერ ნავში იმყოფებოდნენ, იუწყება საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო.
ქართველი მეზღვაურებით დაკომპლექტებული გემი მაროკოში მიემართებოდა, რა დროსაც მათ შენიშნეს ნავი ოკეანეში, რომელშიც მათ შორის შვიდი ქალი და სამი ბავშვი იმყოფებოდა.
მეზღვაურების თქმით, რომლებსაც სააგენტო დაუკავშირდა, მაშველების ათსაათიანი ლოდინისა და ამინდის გაუარესების შემდეგ ეკიპაჟმა ადმიანების ბორტზე ამოყვანის გადაწყვეტილება მიიღო. ყველა მათგანი მიგრანტი იყო.
„ორსაათიანი ბრძოლის შემდეგ ამ მეზღვაურებმა ღია ზღვაში განსაკუთრებული სიმამაცის, ვაჟკაცობის და პროფესიონალიზმის წყალობით 52 ადამიანი გადაარჩინეს“, - ნათქვამია განცხადებაში.
სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობდა ცხრა ქართველი მეზღვაური, მომავალ წელს საქართველო მათ „ზღვაზე გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცისათვის“ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) ჯილდოზე წარადგენს.
პირველად ასეთი ჯილდოთი ქართველი მღვდელმსახური ილია კარტოზია სიკვდილის შემდეგ დააჯილდოვეს. მცხეთის დავით აღმაშენებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ილია კარტოზია 2014 წლის 28 დეკემბერს იონის ზღვაში ბორან „ნორმან ატლანტიკზე“ ხანძრის დროს უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა.
სამაშველო ოპერაციის დროს, რომელიც ცეცხლმოკიდებულ გემზე მიმდინარეობდა, მამა ილიამ მაშველ ნავში თავისი ადგილი დაუთმო ბავშვიან ქალს, თავად კი ვორანზე დარჩა. მაშველებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.