გარდაიცვალა 20 წლის ახალგაზრდა, რომელიც ბათუმში მშენებლობაზე დაშავდა

უბედური შემთხვევა ზუსტად ერთი თვის წინ, 12 ივნისს მოხდა.
Sputnik
თბილისი, 12 ივლისი – Sputnik. გარდაიცვალა 20 წლის ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც ბათუმში მშენებლობიდან ჩამოვარდნილი ძელი დაეცა.
შემთხვევა ბათუმში ერთი თვის წინ, 12 ივნისს კობალაძის ქუჩის N16 ნომერთან მოხდა. 20 წლის სტუდენტი სახლიდან სამსახურში ფეხით მიდიოდა, რა დროსაც მას სამშენებლო კომპანია DS Group-ის მშენებლობიდან ჩამოვარდნილი ძელი თავში მოხვდა.
დაშავებული ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. მას ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა დღემდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩებოდა და გარდაცვალებამდე ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო მიერთებული.
ტრაგიკული შემთხვევის დღეს ბათუმში ძლიერი ქარი იყო, გაჩნდა ვარაუდი, რომ შესაძლოა, მშენებლობის ობიექტზე გარკვეული წესების დარღვევას ჰქონდა ადგილი.
კომპანია DS Group-ში ჟურნალისტებს დაუდასტურეს მათი ობიექტიდან ძელის ჩამოვარდნის ფაქტი, თუმცა სამშენებლო წესების დარღვევას კატეგორიულად უარყოფდნენ.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაწყებული აქვს როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე შრომის ინსპექციას.
წყარო: TV 25