ყალბი დოკუმენტების დამზადება: დაკავებულია ექვსი პირი

ბრალდებულებს 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
Sputnik
თბილისი, 11 ივლისი — Sputnik. ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლებისა და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტებზე ექვსი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, ბრალდებულებმა 2021 წელს მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის დახმარებით, მოტყუებით დაირეგისტრირეს 309.576 ლარის ღირებულების 2.256 კვადრატული მეტრი ფართობის ორი მიწის ნაკვეთი.
ბრალდებულებმა საჯარო რეესტრში ასევე წარადგინეს ყალბი დოკუმენტაცია დამატებით 6.217 კვადრატული მეტრი ფართობის ხუთი მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის მიზნით, რაც სამართალდამცველებმა აღკვეთეს.
ყალბი დოკუმენტები და მითვისებული 270 ათასი ლარი: დაკავებულია ოთხი პირი>>
„ტარდება შესაბამისი პროცედურები მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული მიწის ნაკვეთების სახელმწიფო საკუთრებაში დაბრუნების მიზნით", – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით (თაღლითობა), 362-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება, გასაღება ან გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) და 341-ე მუხლით (სამსახურებრივი სიყალბე) გრძელდება. ბრალდებულებს 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.