თბილისი, 11 ივლისი – Sputnik. საქართველო მთავრობის ძალისხმევის შედეგად მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს ბიუჯეტის ღიაობის საერთაშორისო რეიტინგში Open Budget Survey-2021, განაცხადა მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
„მინდა, კიდევ ერთხელ შევახსენო ყველას, განახლება მოხდა და ღია ბიუჯეტის ინდექსით საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზე გავიდა. მაშინ, როდესაც ჩვენი ასოცირებული ტრიოს წევრები ახლა იწყებენ მუშაობას საჯარო ფინანსების რეფორმაზე და ა.შ., ამის გაუმჯობესებაზე, ჩვენ მსოფლიოში პირველ ადგილზე გავედით“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერმა ამ შედეგებს ქვეყნის ხელისუფლების დამსახურება უწოდა და სხვა მიღწევებიც აღნიშნა. ამგვარად, საერთაშორისო სავალუტო ფონდის წინასწარი შეფასებითა და პროგნოზებით, მშპ-ის ზრდის მიხედვით საქართველომ 190 ქვეყანას შორის მესამე ადგილი და ევრაზიის კონტინენტზე პირველი ადგილი დაიკავა.
2020 წელს ეკონომიკის 6,8%-იანი ვარდნის შემდეგ 2021 წლის აპრილიდან აღდგენა საკმაოდ სწრაფად მიმდინარეობს, რაც აისახება ყველა ეკონომიკურ პარამეტრზე. ესაა ექსპორტისა და იმპორტის, ფულადი გადარიცხვების და საწარმოების ბრუნვის ზრდა.
წინასწარი მონაცემებით, 2021 წელს საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 10,4% შეადგინა.
2022 წლის მაისში მშპ-ის რეალურმა ზრდამ, 2021 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 11,6% შეადგინა, ხოლო რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა მიმდინარე წლის ხუთ თვეში 11,2% შეადგინა.