თბილისი, 9 ივლისი – Sputnik. მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასების შემცირება გარკვეული პერიოდის განმავლობაში საქართველოზეც იმოქმედებს, ამის შესახებ ეროვნული ბანკის ხელმძღვანელმა კობა გვენეტაძემ განაცხადა.
კვირის დასაწყისში ნავთობის ბაზარზე ფასების ვარდნა მოხდა, რადგან ინვესტორები გლობალური ეკონომიკის რეცესიის რისკებს აფასებენ. მაგრამ შემდეგ ფასები დაუბრუნდა ზრდას, რადგან საჭიროებების დასაკმაყოფილებლად ნახშირწყალბადების დეფიციტის მოლოდინი არსებობს.
„ნავთობის ფასების შემცირება გარკვეული პერიოდის შემდეგ საქართველოშიც აისახება, დაუყოვნებლივ არა, მაგრამ რაღაც პერიოდში აისახება. ამ ფაქტორების გაანალიზებასაც გავაკეთებთ. ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, რომ ის პროგნოზი, რომელიც გვაქვს ინფლაციასთან დაკავშირებით, არის იგივე. დროის მოკლე განაკვეთში ბევრი ცვლილებები ხდება, რთული სათქმელია, როგორ მოხდება განახლება“, – განუცხადა ჟურნალისტებს კობა გვენეტაძემ.
მანამდე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ინფლაციის საშუალო დონე 8,5-9%-ს შეადგენს, ხოლო 2022 წლის ბოლოსთვის - 9,5%-ს.
ეროვნული ბანკის ბოლო პროგნოზით, ეკონომიკური ზრდა 4,5%-ის დონეზეა მოსალოდნელი, რაც სუსტი საგარეო მოთხოვნის გამო უცხოური ინვესტიციების შემცირებასა და წმინდა ექსპორტის მაჩვენებლების გაუარესებას უკავშირდება.
რეგულატორის მონაცემებით, ამ დროისათვის საქართველოს ეკონომიკის აღდგენა განპირობებულია ადგილობრივი მოთხოვნით, რომელშიც მნიშვნელოვანი წილი უკავია დაკრედიტების მაღალ ტემპს. საქართველოს სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის შემცირების ფონზე საგარეო მოთხოვნა სუსტი რჩება და მხოლოდ ტურისტული ნაკადების ზრდით შემოიფარგლება.
ეროვნული ბანკის პროგნოზით, ინფლაციის მაჩვენებელი კლებას 2022 წლის მეორე ნახევრიდან დაიწყებს, თუმცა შედარებით დაბალი ტემპით და მიზნობრივ მაჩვენებელს საშუალოვადიან პერიოდში მიაღწევს.
მაღალ ინფლაციასთან საბრძოლველად ეროვნული ბანკი მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შედარებით გრძელვადიან შენარჩუნებას პროგნოზირებს.