თბილისი, 8 ივლისი – Sputnik. მიმდინარე წლის 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით ქვეყნის მასშტაბით უკანონო ტყითსარგებლობის 1.705 ფაქტი გამოავლინდა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
გამოვლენილი ფაქტებიდან 1.369 ფაქტი ხეტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, 336 კი უკანონო სახერხი საამქროების არსებობას და საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევას. მათგან 135 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
ხეტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი – 417 ფაქტი გამოვლინდა კახეთში, იმერეთში დაფიქსირდა 237 სამართალდარღვევა, სამეგრელო–ზემო სვანეთში – 206, სამცხე-ჯავახეთში – 153, ქვემო ქართლში – 130, აჭარაში – 70, შიდა ქართლში – 63, მცხეთა-მთიანეთში – 37, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 26, გურიაში კი 18 სამართალდარღვევა გამოვლინდა.
სამართალდარღვევები გამოვლენილია დედაქალაქშიც. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მიმდინარე წლის 6 თვეში თბილისში ხეტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირების 12 ფაქტი აღკვეთეს.
უწყების ცნობით, ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 3.934 კუბურ მეტრამდე ხე-ტყე. დაფიქსირებულია სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 287 ფაქტი. ასევე ამოღებულია 49 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.
მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
საქართველოში 2021 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა „საქართველოს ტყის კოდექსი“, რომელიც ტყეების აღრიცხვას და დანიშნულების მიხედვით მათ განსაზღვრას ითვალისწინებს.