კობა გვენეტაძე: მაღალი დოლარიზაცია ხელს გვიშლის

საქართველოს ეროვნული ბანკი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს გადახედავს გაზრდის მიმართულებით, განაცხადა რეგულატორის ხელმძღვანელმა.
Sputnik
თბილისი, 8 ივლისი – Sputnik. ფინანსურ სტაბილურობას დოლარიზაციის მაღალი დონე საფრთხეს უქმნის, განაცხადა ეროვნული ბანკის ხელმძღვანელმა კობა გვენეტაძემ.

„დღეს არის მაღალი დოლარიზაცია. ამ სიტუაციაში ჩვეულებრივმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთმა შეიძლება ვერ შეასრულოს თავისი როლი, აქედან გამომდინარე სხვადასხვა ზომის მიღება გახდეს საჭირო“, – განუცხადა ჟურნალისტებს კობა გვენეტაძემ.

ამასთან მან განმარტა, რომ როდესაც ლარის სესხები ხდება უფრო ძვირი, ამ შემთხვევაში სავალუტო სესხების მიმზიდველობა იზრდება, რის გამოც მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებით მიღებულ ეფექტს სავალუტო სესხების ზრდა აბათილებს. ხოლო მოქალაქეები კურსის მერყეობის გამო ხშირად ასეთი კრედიტების გადახდას ვერ ახერხებენ.
„აქედან გამომდინარე, ჩვენ ვზრუნავთ იმაზე, რომ ფინანსურ სტაბილურობას არ შეექმნას პრობლემები და ამავე დროს მოთხოვნების მხრიდან ფაქტორები არ გახდეს ინფლაციის გაზრდის საბაბი“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 22 ივნისს რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი კვლავ 11,0 პროცენტს შეადგენს.
რეფინანსირების განაკვეთი – პროცენტის ოდენობაა წლიური გაანგარიშებით, რომელსაც საკრედიტო ორგანიზაციები ეროვნულ ბანკს მათთვის გამოყოფილი კრედიტებისთვის უხდიან. რეფინანსირების განაკვეთი ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტია და საფინანსო სექტორში საბაზრო განაკვეთების ორიენტირად არის მიჩნეული.
ეროვნულ ბანკში მიაჩნიათ, რომ მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებული დარჩება მანამ, სანამ ინფლაციურ მოლოდინებზე ზრდის მიმართულებით არსებული რისკები საკმარისად არ შერბილდება. თუ ინფლაციური მოლოდინები მკვეთრად გაიზარდა ან/და მოთხოვნის მხრიდან ფასებზე დამატებითი ზეწოლა გამოიკვეთა, შესაძლოა, მონეტარული პოლიტიკის უფრო მეტად გამკაცრება გახდეს საჭირო.
კობა გვენეტაძის თქმით, ეროვნული ბანკი ეკონომიკური ზრდის საკუთარ პროგნოზს გაზრდის.
საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გადაიხედება - ფინანსთა მინისტრი >>
„იმ შედეგებიდან გამომდინარე, რაც აქამდე გვაქვს, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, დიდი ალბათობით, გაზრდის მიმართულებით გადაიხედება“, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.
ამასთან მან აღნიშნა, რომ ინფლაციის დონე მიზნობრივ მაჩვენებელთან შედარებით (3%) უფრო მაღალი იქნება.

„ამ ეტაპზე ის პროგნოზი, რომელიც გვაქვს, თუნდაც ინფლაციასთან დაკავშირებით, იგივეა, ეს არის საშუალოდ 8,5-9%, წლის ბოლოს – 9,5%“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ეროვნული ბანკის ბოლო პროგნოზით, ეკონომიკური ზრდა 4,5%-ის დონეზეა მოსალოდნელი, რაც სუსტი საგარეო მოთხოვნის გამო უცხოური ინვესტიციების შემცირებასა და წმინდა ექსპორტის მაჩვენებლების გაუარესებას უკავშირდება.
რეგულატორის მონაცემებით, ამ დროისათვის საქართველოს ეკონომიკის აღდგენა განპირობებულია ადგილობრივი მოთხოვნით, რომელშიც მნიშვნელოვანი წილი უკავია დაკრედიტების მაღალ ტემპს. საქართველოს სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის შემცირების ფონზე საგარეო მოთხოვნა სუსტი რჩება და მხოლოდ ტურისტული ნაკადების ზრდით შემოიფარგლება.
სსფ გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმების რეალიზაციაში >>
ეროვნული ბანკის პროგნოზით, ინფლაციის მაჩვენებელი კლებას 2022 წლის მეორე ნახევრიდან დაიწყებს, თუმცა შედარებით დაბალი ტემპით და მიზნობრივ მაჩვენებელს საშუალოვადიან პერიოდში მიაღწევს.
მაღალ ინფლაციასთან საბრძოლველად ეროვნული ბანკი მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შედარებით გრძელვადიან შენარჩუნებას პროგნოზირებს.