თბილისი, 8 ივლისი – Sputnik. ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელმა 130-მა ახალგაზრდამ ქართული ენის სამთვიანი კურსი გაიარა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
პროექტი ,,ქართული ენის კურსები ეთნიკური უმცირესობებისთვის“ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდებისთვის ქართული ენის უკეთ შესწავლასა და საზოგადოებაში ინტეგრაციას ისახავს მიზნად.
კურსდამთავრებულებისთვის სერტიფიკატების გადაცემისა და დაჯილდოების საზეიმო ცერემონია ბოლნისის ახალი მუზეუმის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა.
საზეიმო დაჯილდოების შემდეგ ახალგაზრდებისთვის ბოლნისის მუზეუმში შემეცნებითი ტური მოეწყო, მათ საგამოფენო სივრცეები დაათვალიერეს და აქ დაცულ ექსპონატებს გაეცნენ.
პროექტი ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატის ინიციატივითა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში სამი თვის წინ დაიწყო.
ქართული ენის შემსწავლელი კურსები ნახიდურის, ტალავერის, ქვემო ბოლნისისა და დარბაზის ახალგაზრდულ სათემო ცენტრებში განხორციელდა.
პროექტის ხელშეწყობის მიზნით თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტმა პროექტს ქართული ენის შემსწავლელი სახელმძღვანელოები გადასცა ქართულ-აზერბაიჯანულ ენაზე.
წყარო: რუსთავი 2