თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. მიმდინარე წლის იანვარი–ივნისში საქართველოს რუსეთის 247,1 ათასი მოქალაქე ეწვია, რაც 463,7%-ით მეტია 2021 წლის პირველი ექვსი თვის მონაცემთან და 64,3%-ით ნაკლებია 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით, ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების მონაცემებით, 2022 წლის იანვარი–ივნისში საქართველოში განხორციელებული საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 234,5%-ით გაიზარდა.
საქართველომ ექვს თვეში 1,6 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორი მიიღო, რაც პანდემიამდელი, 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 57,9%-ით ნაკლებია.
ვიზიტების საერთო რაოდენობიდან 1,2 მილიონი ტურისტული იყო. ტურისტული ვიზიტების რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 186,3%-ით გაიზარდა, 2019 წელთან შედარებით კი ტურისტების ნაკადი 56,8%-ით არის აღდგენილი.
ვინ ლიდერობს საქართელოში ვიზიტებით
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2022 წლის იანვარი–ივნისში საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტორი თურქეთიდან შემოვიდა – 262,1 ათასი, რაც 112,6%-ით მეტია გასული წლის აღნიშნულ პერიოდთან შედარებით და 47,5%-ით ნაკლები 2019 წელთან შედარებით.
ასევე გაიზარდა ქართული დიასპორის წარმომადგენლების რაოდენობაც, რომლებმაც ისტორიული სამშობლო მოინახულეს. იანვარი–ივნისში ისინი ქვეყანაში 122,9 ათასჯერ შემოვიდნენ. აღნიშნული მაჩვენებელი 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 159,3%-ით მეტია.
როგორ შემოდიან ტურისტები საქართველოში
საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების ძირითადი ნაწილი – 58,4% სახმელეთო გზით შემოვიდა. ამ კუთხით ლიდერობს „სარფის" სასაზღვრო-გამშვები პუნქტი, მეორე ადგილზე კი „ყაზბეგის" საკონტროლო-გამშვები პუნქტია.
მეორე ადგილზეა საჰაერო გზა (40,7%) – ამ კუთხით ლიდერობს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, რომლის მომსახურებითაც თითქმის 403,2 ათასმა ტურისტმა ისარგებლა.